საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა რუხაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სემინარში, სახელწოდებით – „კონკურენციის უწყებების ინსტრუმენტები ეკონომიკური ზრდისა და მომხმარებელთა კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“.
ერევანში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც OECD-GVH RCC-ისა და სომხეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის კომისიის მიერ იყო ორგანიზებული, კონკურენციის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო სემინარის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცვალათ მოსაზრებები და ემსჯელათ კონკურენციის პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებსა და პრაქტიკულ მექანიზმებზე OECD-ის, იტალიის, პორტუგალიის, ესპანეთის, რუმინეთისა და სხვა ქვეყნების კონკურენციის უწყებების წამყვან ექსპერტებთან ერთად.
ღონისძიებაზე ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ანტიმონოპოლიური სამართლის ეფექტიანი აღსრულება, ბაზრების კვლევის მეთოდოლოგია და ანალიზი, კონკურენციის პოლიტიკის ადვოკატირება და რეგულაციების გაუმჯობესება, ასევე, შერწყმებისა და ბაზრის სტრუქტურის გავლენა კონკურენციასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.