საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „იუსკის“ (შპს „სანნა“) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა - მოვაჭრის მხრიდან უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი.
მომხმარებელმა მიმართა სააგენტოს საჩივრით, რომელიც JYSK-ის მიერ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულად მიწოდებას შეეხებოდა. კერძოდ, კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული იყო ინფორმაცია პროდუქციაზე 40%-იანი ფასდაკლების შესახებ, თუმცა ამავდროულად მითითებული იყო, რომ პროდუქტი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიაში. მაღაზიაში შეძენისას, პროდუქტზე გავრცელდა მხოლოდ 30%-იანი ფასდაკლება, იმ საფუძვლით, რომ 40%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ონლაინ შეძენის შემთხვევაში მოქმედებდა, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია შეთავაზებაში არ იყო განმარტებული მკაფიოდ და ცალსახად. შესაბამისად, მომხმარებლის არასრულმა ინფორმირებამ მისი შეცდომაში შეყვანა გამოიწვია.
მოვაჭრის ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა როგორც - მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციულ საქმიანობა, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს და არსებითად აზიანებს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 %-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.