საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, პრაღაში, საერთაშორისო კონკურენციის ქსელის (ICN) Unilateral Conduct Working Group-ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
ჩეხეთის რესპუბლიკის კონკურენციის დაცვის უწყების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კონკურენციის პოლიტიკისა და აღსრულების სფეროს წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა კონკურენციის პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს და ცალმხრივი ქცევის რეგულირების მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა მიმოიხილეს. სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ქედელიძემ წარადგინა პრეზენტაცია, თემაზე - „Ex-Ante enforcement in the Pharmaceutical Market".
შეხვედრის ფარგლებში, ასევე, იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: შესაბამისი ბაზრის განსაზღვრა და დომინირებული მდგომარეობის შეფასება; საბაზრო ძალაუფლებისა და საბაზრო წილების ანალიზი; ციფრულ და ტრადიციულ ბაზრებზე ზიანის თეორიების ჩამოყალიბება; ფასობრივი დისკრიმინაცია, ექსკლუზიური შეთანხმებები და ადმინისტრაციული მონოპოლიები; კონკურენციის აღდგენის მიზნით ღონისძიებებისა და ვალდებულებების შეფასება; ახალი რეგულაციური ინსტრუმენტები და ex-ante/ex-post აღსრულების პრაქტიკა.
საერთაშორისო დონის შეხვედრაში მონაწილეობა მოწვევის საფუძველზე ხორციელდებოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საერთაშორისო აღიარებასა და აქტიურ ჩართულობას გლობალურ კონკურენციულ პროცესებში.
გიორგი ქედელიძესთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო GCCA-ის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა თეონა დეკანოსიძემ.