საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.


მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, 500-მდე საერთაშორისო დელეგატმა, მათ შორის, კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა და დარგის ექსპერტებმა, გაფართოებული დიალოგის ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე იმსჯელეს.


კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ლექვინაძემ მონაწილეობა მიიღო Agency Effectiveness Working Group (AEWG)-ის პანელურ დისკუსიაში თემაზე: „კონკურენციისა და მომხმარებლის პოლიტიკების ურთიერთქმედება - ეფექტიანობისა და საზოგადოებრივი გავლენის ინტეგრირება“.


სიტყვით გამოსვლისას, GCCA-ის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე, რომელიც კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის ერთიანი ინსტიტუციური მოდელის დანერგვას უკავშირდება.


„2022 წლიდან, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ორმაგი მანდატის მქონე უწყებად ჩამოყალიბდა, რაც კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიმართულებების ერთიან და კოორდინირებულ მართვას უზრუნველყოფს. აღნიშნული მოდელი სააგენტოს საშუალებას აძლევს, ერთდროულად შეაფასოს როგორც ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, ისე მომხმარებელზე ბიზნესპრაქტიკების გავლენა, რაც გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად და ეფექტიანად მიღებას უწყობს ხელს,“- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.


მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ეტაპობრივად უახლოვდება ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს - კონკურენციის მიმართულებით შესაბამისობა 75 %-ს, ხოლო მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში 85 %-ს აღწევს.


ირაკლი ლექვინაძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მიმართულებებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას, პროფესიული შესაძლებლობების განვითარებასა და ეფექტიანი აღსრულების მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს.


სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ციფრული ბაზრები, ალგორითმული ფასდადება და ტრანსსასაზღვრო დარღვევები, მხოლოდ საერთაშორისო კოორდინაციის პირობებში შეიძლება ეფექტიანად იქნას დაძლეული.


ICN-ის ყოველწლიური კონფერენცია კონკურენციის პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს და წელს ქსელის დაარსებიდან 25 წლის იუბილეს ეძღვნება. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ICN-ის სრულუფლებიანი წევრია 2014 წლიდან და აქტიურად არის ჩართული ქსელის საქმიანობაში.


საერთაშორისო ღონისძიება ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში გაიმართა.

14.05.2026
უკან დაბრუნება