საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-მა პლასტმასის მილების ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგი დაასრულა - 2022-2025 წლებში საქართველოში პოლიეთილენის მილების ბაზარზე არ გამოიკვეთა ისეთი გარემოებები, რომლებიც ადგილობრივ ინდუსტრიაზე იმპორტით გამოწვეული მატერიალური ზიანის არსებობაზე მიუთითებდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ პლასტმასის მილების ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგი დაასრულა, რომლის მიზანს წარმოადგენდა პლასტმასის მილების წარმოების სექტორში ადგილობრივი ინდუსტრიის მდგომარეობისა და ბაზარზე არსებული ძირითადი ტენდენციების შეფასება შესაძლო დემპინგური იმპორტისა და მისგან გამომდინარე ზიანის მიმართულებით. კვლევა მოიცავდა 2022-2025 წლებში ბაზრის სტრუქტურის, ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტის დინამიკის, საბაზრო წილების, ფასებისა და ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზს.


მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2022-2025 წლებში პლასტმასის მილების ბაზარი ცვალებადი დინამიკით ხასიათდებოდა. ამ პერიოდში ადგილობრივი წარმოების პლასტმასის მილების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წლიური ნაერთი კლების მაჩვენებელმა 5% შეადგინა, რაც ძირითადად 2025 წელს დაფიქსირებულ შემცირებას უკავშირდებოდა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ 2023-2024 წლებში ადგილობრივი ინდუსტრიის შემოსავლები მზარდი იყო.


კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ საქართველოში ადგილობრივი მოხმარებისთვის წარმოებული პლასტმასის მილების 85%-ზე მეტი პოლიეთილენისგან მზადდება, რის გამოც შეფასება ძირითადად პოლიეთილენის მილების ბაზარზე კონცენტრირდა.


იმის გათვალისწინებით, რომ პოლიეთილენის მილების ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, როგორც მილის დიამეტრი, ისე მისი გამძლეობის სტანდარტი, ფასების ტენდენციების შეფასების მიზნით შეირჩა PN10, PN16 და SN8 კატეგორიის ხუთი ძირითადი პროდუქტი.  შეფასებამ აჩვენა, რომ მოკლევადიანი ყოველთვიური რყევების მიუხედავად, 2022-2025 წლებში ფასების კლების ტენდენცია გამოვლინდა. 4 პროდუქტის შემთხვევაში დაფიქსირებულია შედარებით მაღალი 6-9%-მდე წლიური ნაერთი კლების მაჩვენებელი.


პოლიეთილენის მილების იმპორტის შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ შესწავლის პერიოდში ბაზარზე დომინანტურ პოზიციას თურქეთი ინარჩუნებდა. 2025 წელს, თურქეთის წილი იმპორტის მთლიან მოცულობაში 67% იყო. გასათვალისწინებელია, რომ 2023-2025 წლებში თურქული პროდუქტის წილი ბაზარზე შემცირდა. ამ პერიოდში, არ გამოვლენილა წამყვანი იმპორტიორი ქვეყნებიდან იმპორტის ისეთი სტაბილური და მკვეთრი ზრდა, რომელიც ადგილობრივი ინდუსტრიის მდგომარეობაზე არსებით უარყოფით გავლენას მოახდენდა.


2022-2025 წლებში იმპორტირებული პროდუქტის ფასების კლების ტენდენცია გამოიკვეთა, ხოლო საშუალო ღირებულების წლიური ნაერთი კლების მაჩვენებელმა 4.4% შეადგინა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნიდან - თურქეთიდან  იმპორტირებული პროდუქტის საშუალო ფასი აღემატებოდა აზერბაიჯანიდან და ირანიდან იმპორტირებული საქონლის საშუალო ღირებულებას.


ფასების განვითარების ანალიზის მიხედვით, შესწავლის პერიოდში ფასების კლების ტენდენცია როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული პროდუქტის შემთხვევაში ძირითადად საერთაშორისო ბაზრებზე პოლიეთილენის ნედლეულის ფასების ცვლილებებს შეესაბამებოდა. ასევე, შეფასების შედეგად დემპინგური ფასებით განხორციელებული იმპორტის ნიშნები არ გამოვლენილა.


მონიტორინგის შედეგების საფუძველზე არ დგინდება, რომ ადგილობრივი ინდუსტრიის მდგომარეობის შესაძლო გაუარესება გამოწვეული იყო იმპორტის ზრდით ან დემპინგური ფასებით განხორციელებული იმპორტით.


ვრცლად იხ.: https://shorturl.at/b5FwH

18.05.2026
უკან დაბრუნება