საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისსა და რეგიონებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, 1500-მდე მოსწავლის მონაწილეობით, 51 საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს  სასწავლო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისსა და რეგიონებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, 1500-მდე მოსწავლის მონაწილეობით, 51 საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა გამართეს.


GCCA-ი პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია - კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების თაობაზე საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის.


მიმდინარე წლის განმავლობაში, დედაქალაქის გარდა, შეხვედრები გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთის, გურიის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში,  საინფორმაციო კამპანიამ დაფარა საზღვრისპირა სკოლები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კამპანიაში მათ აქტიურ ინტეგრაციას.


პროექტის მიმდინარეობისას, 24-სკოლაში წარმატებით დაინერგა და ამოქმედდა უკუკავშირის ციფრული სისტემა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა, შეხვედრის დასრულებისთანავე, QR კოდის მეშვეობით, შეეფასებინათ შეხვედრაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება. მიდგომამ მნიშვნელოვნად გაზარდა ახალგაზრდების ინტერესი და ჩართულობა, ხოლო პროცესი უფრო ინტერაქტიული და დინამიური გახადა. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მიერ შევსებული ციფრული კითხვარების თანახმად, პროექტმა პოზიტიური გამოხმაურება მოიპოვა, რაც სასწავლო კვლევით ცენტრს შესაძლებლობას აძლევს, პროგრამა კიდევ უფრო მეტად მოარგოს მოზარდების საჭიროებებს.


გამოკითხულთა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა მომხსენებლის აუდიტორიასთან კავშირი და ლოგისტიკური საკითხების მაღალ დონეზე ორგანიზება. მოსწავლეთა უმეტესობის შეფასებით, ისინი მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენებენ.


სამომავლოდ, სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრი, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, საგანმანათლებლო კამპანიის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას გეგმავს, რათა პროექტში, ქვეყნის მასშტაბით, რაც შეიძლება მეტი საჯარო სკოლა და მოსწავლე ჩაერთოს. შეხვედრების ეფექტიანობის გასაზრდელად, ცენტრი სწავლების ახალი, ინტერაქციული მეთოდების დანერგვას გეგმავს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

29.05.2026
უკან დაბრუნება