ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და მათთვის დასაქმების პერსპექტივების გაფართოების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო უმაღლეს სასწავლებლებთან აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს. სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, უწყების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (IBSU) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში მიიღეს მონაწილეობა.
საინფორმაციო შეხვედრების მიმდინარეობისას, სააგენტოს თანამშრომლებმა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ორგანიზაციის საქმიანობა, პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე პროექტები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა იმ კარიერულ პერსპექტივებსა და სტაჟირების პროგრამებზე, რომლებსაც GCCA-ი ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული ზრდისთვის უზრუნველყოფს.
დასაქმების ფორუმებს სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, წამყვანი ქართული კომპანიებისა და საერთაშორისო ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირისპირ შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, მიეღოთ ინფორმაცია მიმდინარე ვაკანსიების შესახებ და უკეთ გასცნობოდნენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მსგავსი ხასიათის საგანმანათლებლო და კარიერულ ინიციატივებში მონაწილეობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.