საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქედელიძე საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით - „ევროკავშირის კონკურენციის დღე“ დაესწრო, რომელიც კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართა.
კონფერენცია ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობის ფარგლებში, კვიპროსის რესპუბლიკის კონკურენციის დაცვის კომისიის ორგანიზებით ჩატარდა და ღონისძიებას ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს, ასევე გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ირლანდიის, პორტუგალიის, კვიპროსისა და სხვა ქვეყნების კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირები, მოსამართლეები, ექსპერტები და კონკურენციის სამართლის წამყვანი სპეციალისტები დაესწრნენ.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს. აგრეთვე, განიხილეს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე აღსრულების პრაქტიკა და კონკურენციის ორგანოების სამომავლო პრიორიტეტები.
პანელური დისკუსიების ძირითადი თემები იყო: დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თანამედროვე გამოწვევები და სამომავლო სახელმძღვანელო პრინციპები; კონცენტრაციების კონტროლის ტენდენციები, გამოწვევები და განვითარების მიმართულებები; ევროკავშირის კონკურენციის სამართლის პრაქტიკული გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაზრის კონცენტრაციის, ფასების ზრდის, მიწოდების ჯაჭვებისა და ფასწარმოქმნის გავლენას კონკურენტულ გარემოზე. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს, თუ რამდენად ერგება კონკურენციის არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტები თანამედროვე ბაზრების გამოწვევებს.
კონფერენციის მიზანი კონკურენციის პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე გამოცდილების გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკის განხილვა და სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის ორგანოებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებაა