საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობით, 2026 წლის 23 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით, მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) ყოველწლიური გლობალური მონიტორინგი (Sweep) ჩატარდა. პროექტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი 20 უწყება მონაწილეობდა.
მონიტორინგის თანახმად, ინფლუენსერ მარკეტინგი ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან კომპონენტად იქცა და სხვადასხვა სექტორში მომხმარებელთა არჩევანზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
„სოციალურ მედიაში მოქმედი ინფლუენსერები ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობენ, რაც არსებითად განაპირობებს მომხმარებელთა მსყიდველობით გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი რეკომენდაციები ავთენტურად ან პირად გამოცდილებად აღიქმება. თუმცა, სოციალური მედიის განვითარების ახალ ეტაპზე, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ კონტენტსა და ვირტუალური ინფლუენსერების რაოდენობის ზრდას უკავშირდება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ახალი გამოწვევები იჩენს თავს,“- აღნიშნულია კვლევაში.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ შემოწმებული 228 ინფლუენსერიდან აბსოლუტური უმრავლესობა (92%) აქვეყნებდა სარეკლამო ხასიათის კონტენტს, თუმცა მათგან მხოლოდ ყოველი მეხუთე უთითებდა მისი სარეკლამო ხასიათის შესახებ. გარდა იმისა, რომ სარეკლამო კონტენტის არსებობის შესახებ მინიშნების მაჩვენებელი დაბალი იყო, შედეგებმა ისიც აჩვენა, რომ მითითებები ხშირად შეუმჩნეველი და ბუნდოვანი იყო, რის გამოც რიგით მომხმარებელს ის მარტივად შეიძლებოდა, გამოჰპარვოდა.
ICPEN-ის მონიტორინგის ფარგლებში ასევე შეფასდა, თუ რამდენადაა დაცული მომხმარებელთა უფლებების ძირითადი პრინციპები: გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, როგორც ტრადიციულ „ინფლუენსერ მარკეტინგში“, ისე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ახალ ვირტუალურ პერსონაჟებთან მიმართებით. კვლევამ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის ნაკლებობა კვლავ ფართოდ გავრცელებულ პრობლემად რჩება.
მონაწილე ქვეყნები მზადყოფნას გამოთქვამენ, უზრუნველყონ ონლაინ სივრცეში მომხმარებლებისთვის სამართლიანი გარემო, რათა მათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ.
მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელი 1992 წელს დაარსდა. ორგანიზაცია 80-ზე მეტ წევრ ქვეყანას და წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს და ინფორმაციის რეგულარული გაცვლის პლატფორმას ქმნის, რაც ხელს უწყობს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას მომხმარებელთა უფლებების გლობალურ დონეზე დაცვის გასაძლიერებლად.