საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსთან, სერგო სანიკიძესთან ერთად, ჟენევაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, Consumers International-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, სტეფან ჰოლს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ICPEN-ის 2026-2027 წლების პრეზიდენტობის ფარგლებში დაგეგმილ პრიორიტეტებსა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებს.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ICPEN-ის პრეზიდენტობის ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიებაში მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის, გამოცდილების გაზიარებისა და მომხმარებელთა დაცვის თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა, მათ შორის ციფრული ბაზრების, ხელოვნური ინტელექტისა და ტრანსსასაზღვრო აღსრულების ნაწილში.