საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მეგატესტის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა მოპასუხე - სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და მე-10 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების სავარაუდო დარღვევას. კერძოდ, მომჩივანი მიუთითებდა, რომ მოპასუხის მხრიდან დარღვევა გამოიხატებოდა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში (ელექტრონულ ტენდერებში) არაადეკვატურად დაბალი, არასამართლიანი ფასების შეთავაზებაში, რაც, მისივე მტკიცებით, ბაზრიდან კონკურენტი ეკონომიკური აგენტების განდევნას ისახავდა მიზნად.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ არ არსებობდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის გონივრული ეჭვი და შესაბამისად, საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ, მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.