საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-მა შპს „ფუდლის“, რომელიც საქართველოში Bolt Food-ის პლატფორმის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, კანონდარღვევა დაუდგინა და დარღვევაზე პასუხისმგებელ პირად მიიჩნია

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ფუდლის“, რომელიც საქართველოში Bolt Food-ის პლატფორმის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, კანონდარღვევა დაუდგინა და დარღვევაზე პასუხისმგებელ პირად მიიჩნია.


საქმის შესწავლის პროცესში შპს „ფუდლი“ მიუთითებდა, რომ იგი მხოლოდ Bolt Food-ის პარტნიორი იყო, ხოლო პლატფორმას უცხოური კომპანია მართავდა. თუმცა, სააგენტოს მიერ შესწავლილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ საქართველოში Bolt Food-ის პლატფორმის ოპერირებასთან დაკავშირებულ საქმიანობას სწორედ შპს „ფუდლი“ ახორციელებს. შესაბამისად, დარღვევაზე პასუხისმგებელ პირადაც აღნიშნული კომპანია იქნა მიჩნეული.


GCCA-ის განმარტებით, მომხმარებლისთვის ნათლად უნდა იყოს მითითებული, კონკრეტულად რომელი მოვაჭრისგან, მაგალითად, რომელი საკვები ობიექტისგან, ყიდულობს იგი პროდუქტს ან მომსახურებას. თუ პლატფორმაზე მოვაჭრის (საკვები ობიექტის) შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის, რის გამოც მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია, კანონით მომხმარებელთან ხელშეკრულების მხარედ თავად პლატფორმის ოპერატორი მიიჩნევა. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში, მომხმარებლის წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა შპს „ფუდლის“ ეკისრება.


შპს „ფუდლი“ ასევე პასუხისმგებელია Bolt Food-ის პლატფორმის მეშვეობით შეთავაზებულ საკურიერო მომსახურებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ შეკვეთის მიწოდება არ შესრულდება ან არასათანადოდ შესრულდება, საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლის დარღვეული უფლებების აღდგენა შპს „ფუდლიმ“ უნდა უზრუნველყოს.


გარდა ამისა, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ Bolt Food-ის პლატფორმაზე მომხმარებლებს კანონით სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ მიეწოდებოდათ. კერძოდ, პლატფორმაზე სათანადოდ წარმოდგენილი არ იყო ინფორმაცია მოვაჭრის იდენტობისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ, ინფორმაცია კანონისმიერი გარანტიით გათვალისწინებული უფლებების შესახებ და დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პირობები.


GCCA-ის გადაწყვეტილებით, შპს „ფუდლის“ დაევალა, ერთი თვის ვადაში აღმოფხვრას დარღვევები, საქმიანობა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები.


კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 %-მდე ოდენობით. იმავე დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება.

07.08.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა