საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სმარტლი“, რომელიც საქართველოში Bolt-ის ტაქსის მომსახურების პლატფორმის ოპერირებას უზრუნველყოფს, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, 59 871 ლარით დააჯარიმა.
GCCA-ის მიერ ჩატარებული საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „სმარტლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. კერძოდ, პლატფორმაზე მომხმარებლებს კანონით სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ მიეწოდებოდათ, მათ შორის, ჯეროვნად არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია მოვაჭრის ვინაობისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
ამასთან, სააგენტომ უსამართლოდ მიიჩნია კომპანიის სტანდარტული პირობები, რომლებიც მომხმარებლის მიმართ მოვაჭრის პასუხისმგებლობას ზღუდავდა და აღნიშნულ პასუხისმგებლობას მძღოლს აკისრებდა. სააგენტოს შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი თავად მოვაჭრეა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, შპს „სმარტლს“ დაევალა დარღვევების აღმოფხვრა, საქმიანობის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა, რაც კომპანიამ დადგენილ ვადაში არ შეასრულა.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს.
ჯარიმის დაკისრება შპს „სმარტლს“ არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულებისა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენის ვალდებულებისგან.