16 სექტემბერს, ICPEN-ის მაღალი დონის კონფერენციის მეორე დღეს, მონაწილეები მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ეფექტიანი აღსრულების საკითხებს განიხილავენ.
დღის ოფიციალურ ნაწილს მოხსენებით საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძე გახსნის.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რამდენიმე ქვეყნის შესაბამის უწყებასთან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს გააფორმებს. მემორანდუმები ეფუძნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და მიზნად ისახავს მომხმარებელთა პრობლემების ადრეული გამოვლენისა და მათზე კოორდინირებული რეაგირების შესაძლებლობების განვითარებას.
16 სექტემბერს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომხმარებელთა დაცვის სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის საჯარო უწყებებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან კოორდინაციას, ინფორმაციის გაზიარებასა და თაღლითობისა და მომხმარებელთათვის საზიანო შემთხვევების გამოვლენასა და მათზე კოორდინირებულ რეაგირებას. პანელებზე განხილული იქნება გარე პარტნიორების - აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი მომხმარებელთა განათლებაში, კვლევაში, საჩივრების იდენტიფიცირებასა და პოლიტიკის შემუშავებაში, მოწყვლად მომხმარებლებთან მუშაობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული აღსრულების მიმართულებით.
დისკუსიები გაიმართება მომხმარებელთა დაცვის შედარებით ახალი და მცირე ზომის უწყებების პრაქტიკულ გადაწყვეტილებებსა და გამოცდილებაზე, საჯარო უწყებებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზე.
კონფერენციის მეორე დღე მაღალი დონის დახურული შეხვედრით დასრულდება, სადაც ICPEN-ის წევრი უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები მომხმარებელთა დაცვის სფეროში სამომავლო სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელებენ.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2026-2027 წლებში ICPEN-ის თავმჯდომარე უწყებაა, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მთავარი გზავნილია „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“. კონფერენციაში 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობს.