საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ვერონას“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა შპს „ჯესურის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11³ მუხლის სავარაუდო დარღვევას, კერძოდ, SMEG-ის პროდუქციის ფორმის, შეფუთვისა და იერსახის მითვისებას, სასაქონლო ნიშნის გამოყენებასა და სავარაუდო კონტრაფაქციული პროდუქციის ონლაინ გვერდების მეშვეობით რეალიზაციას.
სააგენტომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ეკრანული ანაბეჭდები (ე.წ. Screenshot-ები), რომლებზეც სხვადასხვა ონლაინ მაღაზიის მიერ განთავსებული SMEG-ის პროდუქციის ფოტოები და ვიზუალური მასალაა ასახული, აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად საკმარისი არ იყო. პროდუქციის კონტრაფაქციულობის დასადასტურებლად საჭიროა ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც უშუალოდ მიუთითებს პროდუქციის არაორიგინალობაზე ან მისი წარმოების წყაროსთან შეუსაბამობაზე. შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს/პირის დადასტურების ან სპეციალური დასკვნის/შეფასების გარეშე, კონკრეტული პროდუქტის კონტრაფაქციულობის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სააგენტომ ასევე მოიძია ინფორმაცია შპს „ჯესურის“ მიერ 2024 წლიდან განხორციელებული იმპორტის შესახებ. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ამ პერიოდში შპს „ჯესურს“ იმპორტი არ უფიქსირდება.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და მტკიცებულებები არ ქმნიდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11³ მუხლის შესაძლო დარღვევის შესახებ გონივრულ ეჭვს და ვერ აკმაყოფილებდა საჩივრის მატერიალური დასაშვებობისთვის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია. ამასთან, ვინაიდან საჩივარი ეხებოდა SMEG-ის სასაქონლო ნიშნით შესაძლო კონტრაფაქციული პროდუქციის შეთავაზება/რეალიზაციას, გადაწყვეტილება, საქმის მასალებთან ერთად, გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.