საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ქალაქ თბილისის №145 საჯარო სკოლაში გაიმართა. მოსწავლეებთან კონკურენციის საკითხებზე ისაუბრა GCCA-ის იურიდიული დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა ანა რუხაძემ, ხოლო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულება მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ნუცა ფუტკარაძემ წარადგინა.
შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის ძირითად საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. პრეზენტატორებმა განიხილეს, რატომ არის ჯანსაღი კონკურენცია მნიშვნელოვანი ხარისხიანი პროდუქტისა და მომსახურების, ინოვაციებისა და მომხმარებლისთვის ხელსაყრელი ფასების უზრუნველსაყოფად, ასევე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ისეთი მაგალითები, როგორიცაა ფასების შეთანხმება და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
მომხმარებლის უფლებების მიმართულებით, შეხვედრაზე ისაუბრეს მოვაჭრის ვალდებულებებზე, ონლაინ ვაჭრობის წესებზე, 14 დღის განმავლობაში ნივთის უპირობოდ დაბრუნების უფლებასა და საგარანტიო პირობებზე.
სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს GCCA-ის საქმიანობა და ის ელექტრონული რესურსები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხმარებლის უფლებების დაცვასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
სააგნეტოს საგანმანათლებლო ვებ პორტალზე - კონკურენციის ონლაინ ლექსიკონზე და ეკალათას პორტალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სასწავლო კვლევითი ცენტრის, უფროსმა პროექტის მენეჯერმა ეთო შაგულაშვილმა.
კონკურენციის ონლაინ ლექსიკონი და ფასების შედარების პორტალი - www.ekalata.gov.ge.
საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება GCCA-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. თანამშრომლობის მიზანია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდა. გარდა თბილისისა, შეხვედრები გაიმართება შემდეგ რეგიონებში: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთი.