საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი - GCCA სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, 15-16 ოქტომბერს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ოთხ საჯარო სკოლაში: ხაშურის N3 და N6, ასევე ბორჯომის N3 და N6 საჯარო სკოლებში.


მოსწავლეებთან კონკურენციის საკითხებზე ისაუბრა GCCA-ის იურიდიული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ლანა გელაშვილმა, ხოლო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულება სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა ნანა ხუხუნაიშვილმა წარადგინა.


შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის ძირითად საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. პრეზენტატორებმა ისაუბრეს ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობის შესახებ, ხარისხიანი პროდუქტისა და მომსახურების, ინოვაციებისა და მომხმარებლისთვის ხელსაყრელი ფასების უზრუნველსაყოფად და განიხილეს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ისეთი მაგალითები, როგორიცაა ფასების შეთანხმება და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.


მომხმარებლის უფლებების მიმართულებით, შეხვედრაზე განიხილეს მოვაჭრის ვალდებულებებისა და ონლაინ ვაჭრობის წესებთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, 14 დღის განმავლობაში ნივთის უპირობოდ დაბრუნების უფლება და საგარანტიო პირობები.


სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს GCCA-ის საქმიანობა და ელექტრონული რესურსები, რომლებიც მათ მომხმარებლის უფლებების დაცვასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ყურადღება დაეთმო სააგენტოს საგანმანათლებლო ვებპორტალს - კონკურენციის ონლაინ ლექსიკონსა და ფასების შედარების პორტალ „ეკალათას“, მათ ფუნქციებსა და პრაქტიკულ გამოყენებას.


საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება GCCA-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. თანამშრომლობის მიზანია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდა. გარდა თბილისისა, შეხვედრები გაიმართება შემდეგ რეგიონებში: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთი.

16.10.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა