მაროკოს კონკურენციის საბჭოს მიწვევით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე 14 ოქტომბერს, მაროკოს ქალაქ მარაკეშში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიების მთავარ თემებს ჯანდაცვის სფეროში კონკურენცია, რეგულირება და მმართველობა წარმოადგენდა.
კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ლექვინაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც მაროკოს, შვეიცარიის, პორტუგალიისა და ესპანეთის, ასევე ინდოეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ სექტორებში კონკურენციის მნიშვნელობაზე. დისკუსიის ძირითად საკითხებს წარმოადგენდა კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება, ბაზრების უწყვეტი მონიტორინგი, შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია, მედიკამენტებისა და ჯანდაცვის მომსახურების ფასების განსაზღვრის გამჭვირვალე მიდგომები და კონცენტრაციების კონტროლი, განსაკუთრებით, მაღალი კონცენტრაციის მქონე ბაზრებზე. GCCA-ის თავმჯდომარემ უცხოელ კოლეგებს სააგენტოს საქმიანობა გააცნო და, ამ მიმართულებით, საქართველოს გამოცდილება გაუზიარა, მათ შორის, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით გაცემული რეკომენდაციები, ასევე ის შედეგები, რომლებიც აღნიშნული რეკომენდაციების განხორციელებას მოჰყვა.
კონფერენციამ სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებების, ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მოუყარა თავი. ღონისძიების ძირითადი თემები ჯანდაცვისა და ფარმაციის სფეროში კონკურენციის რეგულირების საკითხებსა და ახალ გარემოსთან ბაზრის მონაწილეების ადაპტაციას შეეხებოდა. კონფერენციამ კოლეგა უწყებებს საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობა მისცა. დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა და ისეთი ეკონომიკური მმართველობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, რომელიც მოქალაქეების, ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტერესებს ითვალისწინებს.