GCCA სკოლის მოსწავლეებში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას აგრძელებს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლებმა, სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, 19 სექტემბერს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს თბილისის ორ საჯარო სკოლაში: სსიპ - ქალაქ თბილისის N141 საჯარო სკოლასა და ქართულ-ამერიკულ სკოლა „სადუნში“.
მოსწავლეებთან კონკურენციის საკითხებზე ისაუბრა GCCA-ის იურიდიული დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა ანა რუხაძემ, ხოლო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულება სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ქეთევან ჭუმბურიძემ წარადგინა.
შეხვედრების ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის ძირითად საკითხებზე. პრეზენტატორებმა ისაუბრეს ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობაზე ხარისხიანი პროდუქტისა და მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მომხმარებლისთვის ხელსაყრელი ფასების უზრუნველყოფის კუთხით. ასევე, განიხილეს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის მაგალითები, მოვაჭრის ვალდებულებები, ონლაინ ვაჭრობის წესები, ნივთის 14 დღის განმავლობაში დაბრუნების უფლება და საგარანტიო პირობები.
სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს GCCA-ის საქმიანობა და ელექტრონული რესურსები, რომლებიც მომხმარებლის უფლებების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ. ასევე, წარადგინეს სააგენტოს საგანმანათლებლო ვებპორტალი, კონკურენციის ონლაინ ლექსიკონი და ფასების შედარების პორტალი „ეკალათა“.
საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება GCCA-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. თანამშრომლობის მიზანია ახალგაზრდებში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდა.