საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის ორგანიზებით ICPEN-ის საერთაშორისო ვებინარი გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) სამუშაო ჯგუფის - „ციფრული მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება და მარკეტინგული პრაქტიკის გამჭვირვალობა“ (Enhancing Digital Consumer Awareness and Transparency in Marketing Practices) ფარგლებში, საერთაშორისო ვებინარი გაიმართა. სააგენტო, პოლონეთის შესაბამის ორგანოსთან ერთად, აღნიშნული სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეს წარმოადგენს.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შეჯამება და ეროვნული დაინტერესებული მხარეების მრგვალი მაგიდების გაერთიანებული ანგარიშის (Consolidated Report on National Stakeholder Roundtables) ძირითადი მიგნებები. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მხრიდან მრგვალი მაგიდის შედეგების ანგარიში წარადგინა და ვებინარს მოდერაცია გაუწია მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა  გულნაზ ბოკუჩავამ.


სესიის მსვლელობისას, ყურადღება გამახვილდა ციფრულ მარკეტინგში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და სამართლებრივ ასპექტებზე, კერძოდ, ინფლუენსერთა საქმიანობის გამჭვირვალობასა და სარეკლამო შინაარსის სავალდებულო იდენტიფიცირებაზე, მომხმარებელთა შეცდომაში შემყვანი კომერციული პრაქტიკის აღკვეთაზე, ციფრულ ინტერფეისებში „ბნელი ნიმუშების“ (Dark Patterns) გამოყენების პრევენციასა თუ რეგულირებაზე.


ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მონაწილე ქვეყნებს შორის აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, მათ შორის, ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოების, მარეგულირებელი სახელმძღვანელოებისა და სამართალაღსრულების ეფექტიანი მექანიზმების განხილვა, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლებასა და ჰარმონიზაციას.


საერთაშორისო ვებინარში 25 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. სესიის ფარგლებში, საკუთარი პრაქტიკა, ეროვნული მარეგულირებელი მიდგომები და სამართალაღსრულების გამოცდილება ასევე წარმოადგინეს პერუსა და ნიგერიის შესაბამისი უფლებამოსილი უწყებების წარმომადგენლებმა.

21.10.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა