საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

სენაკი, ფოთი - GCCA სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში გამართეს.


შეხვედრები გაიმართა სენაკისა და ფოთის ოთხ საჯარო სკოლაში: სსიპ ქალაქ სენაკის N7 საჯარო სკოლაში, სსიპ არნოლდ ჩიქობავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის საჯარო სკოლაში, სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლასა და სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლაში.


მოსწავლეებთან კონკურენციის საკითხებზე ისაუბრა GCCA-ის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი მელაძემ, ხოლო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულება სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ქეთევან ჭუმბურიძემ წარადგინა.


შეხვედრების ფარგლებში, მოსწავლეებმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის ძირითად საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. პრეზენტატორებმა ისაუბრეს ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობის შესახებ, ხარისხიანი პროდუქტისა და მომსახურების, ინოვაციებისა და მომხმარებლისთვის ხელსაყრელი ფასების უზრუნველსაყოფად და განიხილეს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ისეთი მაგალითები, როგორიცაა ფასების შეთანხმება და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.


მომხმარებლის უფლებების მიმართულებით, შეხვედრებზე განიხილეს მოვაჭრის ვალდებულებებისა და ონლაინ ვაჭრობის წესებთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, 14 დღის განმავლობაში ნივთის უპირობოდ დაბრუნების უფლება და საგარანტიო პირობები.


სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს GCCA-ის საქმიანობა და ელექტრონული რესურსები, რომლებიც მათ მომხმარებლის უფლებების დაცვასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სააგენტოს საგანმანათლებლო ვებპორტალს - კონკურენციის ონლაინ ლექსიკონსა და ფასების შედარების პორტალ „ეკალათას“, მათ ფუნქციებსა და პრაქტიკულ გამოყენებას.


საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება GCCA-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. თანამშრომლობის მიზანია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდა. გარდა თბილისისა, შეხვედრები ასევე ტარდება კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

26.10.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა