საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ირაკლი ლექვინაძემ, UNCTAD-ის მიწვევით, არაბული კონკურენციის ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ორგანიზებით, ქალაქ დუბაიში გამართულ მეშვიდე არაბულ კონკურენციის ფორუმს დაესწრო, რომლის ფარგლებშიც, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.


პანელს - „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სამართლის სინერგია“ - UNCTAD ხელმძღვანელობდა და კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერების საკითხებსა და ამ მიმართულებით, ციფრულ ბაზრებზე არსებულ გამოწვევებს დაეთმო.


ირაკლი ლექვინაძემ თავის გამოსვლაში GCCA-ის მანდატზე, კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებებს შორის კოორდინაციის, ასევე ინსტიტუციური თანამშრომლობისა და აღსრულების კოორდინირებული მიდგომების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, თავმჯდომარემ კოლეგებს გააცნო საქართველოს მომხმარებელთა დაცვის 2024–2027 წლების ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული უწყებათაშორისი თანამშრომლობის ჩარჩო.


მან ყურადღება გაამახვილა ციფრულ ბაზრებზე არსებულ გამოწვევებზე, განსაკუთრებით, პირობებში, როდესაც ციფრული ბიზნესმოდელები ერთდროულად წარმოშობს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს.


როგორც კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნების პრაქტიკული რეალიზების მაგალითი, ირაკლი ლექვინაძემ კოლეგებს eKalata-ს პორტალი წარუდგინა. მან ხაზი გაუსვა მონაცემთა სიზუსტისა და განახლების მნიშვნელობას, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებასა და პლატფორმის ეფექტიანობის შეფასების აუცილებლობას.


„ჩვენი საერთო მიდგომაა - კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა ერთმანეთს აძლიერებდეს, შესაბამისად, ჩვენი მიზანია ისეთი ბაზრების ხელშეწყობა, სადაც ბიზნესსუბიექტებს სამართლიანი კონკურენციის შესაძლებლობა აქვთ, ხოლო მომხმარებელს - ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება შეუძლია” - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


GCCA-ს თავმჯდომარესთან ერთად, სესიაში ბრაზილიის, კენიის, ეგვიპტისა და ტუნისის კონკურენციის უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


მეშვიდე არაბული კონკურენციის ფორუმი 28-29 ოქტომბერს გაიმართა და მისი ორგანიზატორები იყვნენ UNCTAD, გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისია დასავლეთ აზიისთვის (ESCWA), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და აღმოსავლეთისა და სამხრეთ აფრიკის საერთო ბაზრის (COMESA) კონკურენციისა და მომხმარებლის კომისია (CCCC), გაერთიანებული არაბთა საემიროების ეკონომიკისა და ტურიზმის სამინისტროს კონკურენციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით.


ფორუმმა კონკურენციის დაცვის უწყებების, აკადემიური წრეების, გაეროსა და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კონკურენციის პოლიტიკისა და აღსრულების ექსპერტები გააერთიანა. იგი კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე გამოცდილების გაზიარებისა და დიალოგის პლატფორმას წარმოადგენდა.


საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დელეგაციაში, სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი სერგო სანიკიძეც შედიოდა.

30.10.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა