საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ოლსერვისგრუპის“ საჩივარი დაუშვებლად ცნო. სააგენტოს შეფასებით, შპს „სითიქომის“ ქმედებებში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ნიშნები არ გამოვლენილა.
საჩივარი ეხებოდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მართვისა და მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების საქმიანობას. მომჩივნის განმარტებით, შპს „სითიქომი“ არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან, მათ შორის, WhatsApp ჯგუფებისა და პირადი შეტყობინებების საშუალებით, ავრცელებდა ინფორმაციას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა შპს „ოლსერვისგრუპის“ საქმიანობის კანონიერებასა და მისი მომსახურების გაგრძელების შესაძლებლობას. მომჩივანი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული კომუნიკაცია მიზნად ისახავდა მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვას, მომხმარებელთა ნდობის შემცირებასა და კლიენტების გადაბირებას.
სააგენტომ შეისწავლა მხარეთა მიერ წარმოდგენილი პოზიციები და მტკიცებულებები, მათ შორის, მომხმარებლებთან გავრცელებული შეტყობინებები. შეფასების შედეგად, დადგინდა, რომ სადავო კომუნიკაციის ნაწილი შპს „სითიქომის“ მიერ სასარგებლო მოდელის პატენტის გამოყენებასა და შესაბამისი ლიცენზიის საკითხს უკავშირდებოდა. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ შპს „სითიქომსა“ და პატენტის მფლობელ კომპანიას შორის არსებობდა პატენტის გამოყენებასთან დაკავშირებული სალიცენზიო ურთიერთობა, შესაბამისად, ლიცენზიის საფუძველზე, საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება შეცდომაში შემყვან კომუნიკაციად ვერ შეფასდებოდა.
ამასთან, წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა, რომ გავრცელებულმა შეტყობინებებმა მომხმარებელთა გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინა ან მათ შპს „ოლსერვისგრუპთან“ თანამშრომლობა შეწყვიტეს. სააგენტომ ასევე შეაფასა კონკურენტის საქმიანი რეპუტაციის შელახვის სავარაუდო ფაქტი და მიიჩნია, რომ მტკიცებულებები არ ადასტურებდა შპს „ოლსერვისგრუპის“ შესახებ მცდარი ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელებას. კერძოდ, კომპანიის პირდაპირი მოხსენიების შემთხვევა არ შეიცავდა ისეთ ფაქტობრივ ინფორმაციას, რომლის სისწორის ან მცდარობის გადამოწმებაც შესაძლებელი იქნებოდა.
ამრიგად, სააგენტომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის შესახებ გონივრულ ეჭვს და არ არსებობდა საქმის მოკვლევის დაწყების საფუძველი.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „ოლსერვისგრუპის“ საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მიმდინარე წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 3 საჩივრის საფუძველზე დაიწყო საქმის მოკვლევა, 13 საჩივარი დაუშვებლად ცნო, ხოლო 4 საჩივარი განუხილველად დატოვა, ხოლო 1 საქმესთან დაკავშირებით აღებულ იქნა პირობითი ვალდებულება. ამასთან, 1 საჩივართან დაკავშირებით მიმდინარეობს დასაშვებობის შემოწმების საქმისწარმოება.