საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შეაფასა შპს „სკაივიას“ საჩივარი, რომელიც შპს „სქაივია ჯორჯიას“ მიერ, მსგავსი საფირმო სახელწოდებისა და ლოგოს გამოყენებას, ასევე სოციალური ქსელების ანგარიშებზე წვდომის საკითხს შეეხებოდა.
მომჩივნის პრეტენზიით, მოპასუხე კომპანია იყენებდა მისი კომპანიის საფირმო სახელწოდებისა და ლოგოს მსგავს აღნიშვნებს, რაც, მისი შეფასებით, მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანისა და კომპანიებს შორის აღრევის საფრთხეს ქმნიდა. გარდა ამისა, მომჩივანი ითხოვდა მოპასუხე კომპანიის მიერ მართული სოციალური ქსელების ანგარიშებზე წვდომის ავტორიზაციის მონაცემების გადაცემას. საჩივარი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11³ მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების სავარაუდო დარღვევას ეხებოდა.
შეფასებისას, სააგენტომ ორი ძირითადი საკითხი გამიჯნა. პირველი ეხებოდა საფირმო სახელწოდებისა და ლოგოს მსგავსი აღნიშვნების გამოყენებას. სააგენტოს განმარტებით, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დაცვა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმებით, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვის გზით არის შესაძლებელი. შესაბამისად, სასაქონლო ნიშანზე უფლებების შესაძლო დარღვევის შეფასება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებისა და უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
მეორე საკითხი სოციალური ქსელების ანგარიშებზე წვდომასა და მათი მართვის უფლებამოსილებას შეეხებოდა. სააგენტომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მასალები არ შეიცავდა საკმარის მტკიცებულებებს, რომლებიც დაადასტურებდა სოციალური ქსელების გამოყენებით საქმიანი ეთიკის ნორმების საწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას და კონკურენციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევაზე მიუთითებდა. ამასთან, ანგარიშებზე წვდომისა და ავტორიზაციის მონაცემების გადაცემა, როგორც მათი ფლობისა და მართვის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხი, სააგენტოს კომპეტენციას სცდებოდა.
აღნიშნულის საფუძველზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ საჩივარი კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა და მოკვლევის დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, GCCA-მ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.
მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 3 საჩივრის საფუძველზე დაიწყო საქმის მოკვლევა, 13 საჩივარი დაუშვებლად ცნო, ხოლო 4 საჩივარი განუხილველად დატოვა, ხოლო 1 საქმესთან დაკავშირებით აღებულ იქნა პირობითი ვალდებულება. ამასთან, 1 საჩივართან დაკავშირებით მიმდინარეობს დასაშვებობის შემოწმების საქმის წარმოება.