საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-მ საკვები სოდის შეფუთვების საქმეზე მოკვლევა დაასრულა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) „ბაშკირეთის სოდის კომპანიის“ საჩივრის საფუძველზე, „პროგრესი 2024“-ის მიმართ დაწყებული საქმის მოკვლევა დაასრულა. საქმე ეხებოდა საკვები სოდის შეფუთვის ვიზუალურ მსგავსებას და შესაძლო არაკეთილსინდისიერ კონკურენციას.


მომჩივნის განმარტებით, „პროგრესი 2024“-ის მიერ რეალიზებული საკვები სოდის შეფუთვაზე გამოყენებული წარწერა, მისი განლაგება და გრაფიკული გაფორმება ჰგავდა მის მიერ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებს. კომპანიის შეფასებით, შეფუთვების მსგავსებას მომხმარებელი შესაძლოა შეცდომაში შეეყვანა და ერთი მწარმოებლის პროდუქტი მეორის პროდუქტად აღექვა.


მოკვლევის ფარგლებში, სააგენტომ შეადარა ორივე კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და შეფუთვების სიტყვიერი და გრაფიკული ელემენტები, მათი განლაგება, ფერთა კომბინაცია და საერთო ვიზუალური შთაბეჭდილება.


შეფასებისას, სააგენტომ გაითვალისწინა, რომ წარწერა პროდუქტის სახეობას აღწერს და არა კონკრეტულ მწარმოებელს. ამასთან, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ვიზუალური განსხვავებებიც: მომჩივნის სასაქონლო ნიშანში წარწერა ერთიან მართკუთხა ჩარჩოშია მოქცეული, ხოლო მოპასუხის შეფუთვაზე გამოყენებულია ორი ცალკეული ოვალური ელემენტი. განსხვავებულია გრაფიკული ფორმების განლაგება და ფერების გამოყენების წესიც, რაც შეფუთვებს განსხვავებულ საერთო იერსახეს ანიჭებს.


საქმის მასალებისა და შეფუთვების შედარების შედეგად, სააგენტომ ვერ დაადგინა, რომ აღნიშნული მსგავსება მომხმარებლის მიერ პროდუქციის აღრევის რეალურ რისკს ქმნიდა.


შესაბამისად, საქმის მოკვლევის შედეგად, შპს „პროგრესი 2024“-ის მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11³ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევა არ დადგინდა.


მიმდინარე წელს სააგენტომ კონკურენციის კანონის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით 3 მოკვლევა დაიწყო, ამ ეტაპზე, მოკვლევა მიმდინარეობს ერთ საქმეზე.

13.11.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა