საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA - შპს „დაფნამ“ სააგენტოს წინაშე აღებული პირობითი ვალდებულებები სრულიად შეასრულა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ შპს „დაფნამ“ „ბაშკირ სოდა კომპანიის“ საჩივრის ფარგლებში აღებული, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული პირობითი ვალდებულება სრულად შეასრულა.


საქმე ეხებოდა საკვები სოდის შეფუთვას, რომლის დიზაინთან და ვიზუალურ იდენტობასთან დაკავშირებითაც მომჩივანი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მიუთითებდა. საკითხის განხილვის ფარგლებში, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, კომპანიამ კონკრეტული ცვლილებების განხორციელების ვალდებულება აიღო.


კერძოდ, შპს „დაფნამ“ შეწყვიტა სადავო შეფუთვით პროდუქციის რეალიზაცია, შეფუთვიდან ამოიღო ვებგვერდის ბმული და საკვები სოდა ბაზარზე ახალი შეფუთვით განათავსა. აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავდა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო შელახვის რისკის თავიდან აცილებას და მომხმარებლის მხრიდან პროდუქტების აღრევის შესაძლებლობის გამორიცხვას.


გარდა ამისა, კომპანიამ შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული საბოლოო ვალდებულებაც - „საქპატენტში“ წარდგენილი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უზრუნველყო და შესაბამისი ინფორმაცია სააგენტოს მიაწოდა.


სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, დადასტურდა, რომ კომპანიამ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობა სრულად შეასრულა. შესაბამისად, 2026 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება სრულად შესრულებულია.


ცნობისთვის, პირობითი ვალდებულებების მექანიზმი, რომელიც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული,  მხარეებს დავის შესაძლო შედეგების დროული მოგვარებისა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო სააგენტოს აძლევს საშუალებას, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მონიტორინგის გზით უზრუნველყოს.

26.11.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა