კონკურენციის საერთაშორისო ექსპერტმა, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ტერესა მორეირამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში საქართველოს კონკურენციის პოლიტიკის განვითარების 30-წლიანი ისტორია შეაფასა, მან ისაუბრა ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
„საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით, მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა. ამ პროცესებს, დაახლოებით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებოდი”. - აცხადებს ტერესა მორეირა.
მისი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2019-2020 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც სამართლებრივი ჩარჩო უფრო ეფექტიანი და მოქნილი გახადა, ხოლო, 2022 წლიდან, კონკურენციის პოლიტიკასთან ერთად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულების განვითარებამ და ამ ორი ურთიერთშემავსებელი სფეროს გაერთიანებამ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უფრო აქტიური მოქმედების შესაძლებლობა მისცა.
„როდესაც მიღწეული შედეგების ანგარიშს ვეცნობი, ვფიქრობ, შთამბეჭდავია ჩატარებული მოკვლევებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვან სექტორში განხორციელებული შერწყმების შეფასების მასშტაბი. გარდა ამისა, მომხმარებელთა საჩივრების, ინფორმაციის მოთხოვნისა და განცხადებების რაოდენობის ზრდა აჩვენებს, რომ ცნობიერების ამაღლების, ინფორმირების და მომხმარებლებისა თუ სხვა დაინტერესებული მხარეების გააქტიურების მიმართულებით გაწეული სამუშაო კვლავ ეფექტიანია. ვფიქრობ, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რა პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი კანონმდებლობის განვითარების გზით, რომელსაც უკვე 30-წლიანი ისტორია აქვს” - აღნიშნავს საერთაშორისო ექსპერტი.
კითხვაზე, თუ რა გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ სხვა ქვეყნებს საქართველოსთვის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გასაძლიერებლად, ტერესა მორეირა პასუხობს, რომ საქართველოს უკვე დანერგილი აქვს არაერთი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა, მისი თქმით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ჯანდაცვისა და სურსათის ბაზრების შესწავლას, რაც ორივე მიმართულებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მორეირამ ხაზი გაუსვა საქართველოს საერთაშორისო კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროფესიულ ქსელებში აქტიურ მონაწილეობის მნიშვნელობას:
„არ ვფიქრობ, რომ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც საქართველომ უგულებელყო. პირიქით, საქართველო საკმაოდ გახსნილი ქვეყანაა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებით დაინტერესებულია, რაც ნამდვილად დადებითი ფაქტორია“ - აცხადებს ტერესა მორეირა.
ცნობისთვის, ტერესა მორეირა საქართველოში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საპატიო სტუმრისა და ერთ-ერთი მთავარი მომხსენებლის სტატუსით იმყოფებოდა. ღონისძიება მეხუთე წელია, ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით იმართება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.
ორდღიან კონფერენციას წელს 370 დელეგატი, მათ შორის, 22 ქვეყნის 42 საერთაშორისო მონაწილე დაესწრო.