საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ს წარმომადგენლებმა უნგრეთში კონკურენციის რეგიონული ცენტრის საერთაშორისო სემინარში მიიღეს მონაწილეობა

25-27 ნოემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, OECD-GVH-ის კონკურენციის რეგიონული ცენტრის (RCC) მიწვევით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძემ და სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი შაკიაშვილმა საერთაშორისო სემინარში  მიიღეს მონაწილეობა.


სემინარი სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კონკურენციის პოლიტიკისა და მისი აღსრულების მიმართულებით, ეროვნული უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს დაეთმო.


„ციფრული ინსტრუმენტები და ბაზრის სამართლიანობა: კონკურენციის ეროვნული სააგენტოების როლის ტრანსფორმაცია“ - სემინარი OECD-GVH-ის კონკურენციის რეგიონული ცენტრის (RCC)  ორგანიზებით გაიმართა.


ღონისძიების ფარგლებში, ლევან კალანდაძემ და ირაკლი შაკიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს კონკურენციის პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებისა და ციფრული ბაზრების რეგულირების საკითხებზე გამართულ პროფესიულ დისკუსიებში. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უცხოეილი კოლეგებისთვის გაეცნოთ სააგენტოს საქმიანობა და გაეზიარებინათ გამოცდილება, განეხილათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკა და ემსჯელათ კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების მექანიზმებზე.


ღონისძიების ძირითადი თემები მოიცავდა ციფრული ბაზრების განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების თანამედროვე მიდგომებსა და ეროვნული უწყებების როლის გაძლიერებას ციფრულ ეკონომიკაში. სემინარმა, თავის მხრივ, ხელი შეუწყო კონკურენციის სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას.


OECD-GVH-ის კონკურენციის რეგიონული ცენტრი (RCC) OECD-ისა და უნგრეთის კონკურენციის ორგანოს (GVH) პარტნიორული პროექტია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კონკურენციის პოლიტიკისა და მისი აღსრულების სფეროში პროფესიული ცოდნისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. GCCA-სა და OECD-GVH-ის კონკურენციის რეგიონულ ცენტრს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდება. სააგენტოს წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებსა და პროფესიული განვითარების პროგრამებში.

27.11.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა