საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციის პოლიტიკა ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, რომელიც წელს „კონკურენციის პოლიტიკა ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის“ თემატიკით აღინიშნება.


შეხვედრა გასხნა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ, რომელმაც მონაწილეებს მსოფლიო კონკურენციის დღე მიულოცა და უწყების 2014-2021 წლის საქმიანობის, მიღებული შედეგების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. „კონკურენციის სააგენტოს აღდგენიდან, 2014–2021 წლებში - განხორციელდა 16 ბაზრის მონიტორინგი, 35 მოკვლევის საქმე. ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაიცა 15 თანხმობა. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 2 ბაზრის მონიტორინგი და 5 საქმის მოკვლევის პროცესი. მათ შორის, 3 სხვა მარეგულირებელთან ერთად. სულ გაცემულია 75 რეკომენდაცია, მათ შორის სახელმიფო უწყებებზე 56.


16 შემთხვევაზე გადახდილია სხვადასხვა დარღვევების გამო ეკონომიკური აგენტების მიერ - 3 მლნ-მდე ლარის ჯარიმა. ამავე პერიოდში, დასრულებულია 9 სასამართლო დავა და სააგენტოს გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული. ამ დროისათვის, სხვადასხვა ინსტაციაშია - 16 საქმე.


მიღებულია ცვლილებები კონკურენციის შესახებ კანონში, ანტიდემპინგური კანონმდებლობა, შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებები. დაგეგმილია მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი, რომლის აღმასრულებელ უწყებადაც კონკურენციის სააგენტო მოაზრება“, - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.


ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ოთარ დანელია; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე; სემეკის თავმჯდომარე, თავით ნარმანია; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, ვახტანგ აბაშიძე; საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი, იოლანტა ტაჩინსკა.


განახლებული კანონმდებლობის ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციის მსოფლიო დღის ფარგლებში, ხუთივე მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელმა პირმა ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიზანია - ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის ყოველწლიური კონფერენციის ჩატარდება, სადაც უწყებები წლის მანძილზე განხორციელებულ საქმეებს, მიღებულ შედეგებს, გამოწვევებს განიხილავენ.


დისტანციურ რეჟიმში, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) კონკურენციის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი, რენატო ფერანდი.


ღონისძიებას ესწრებიან: სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, სფეროს ექსპერტები, კოლეგა უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.


მსოფლიო კონკურენციის დღე 5 დეკემბერს 30-ზე მეტ ქვეყანაში 2010 წლიდან აღინიშნება და დაკავშირებულია ბიზნესის შემზღუდველი პრაქტიკის კონტროლთან, გაერთიანებული ერების მრავალმხრივ პრინციპებსა და წესებთან.

03.12.2021
უკან დაბრუნება