საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის თანამშრომლებისთვის UNDP-ის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ელექტრონული კომერციის სექტორში ტრენინგი გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თანამშრომლებისთვის, ელექტრონული კომერციის სექტორში, მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის  მთავრობის მხარდაჭერით ტრენინგი გაიმართა.


შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ, რომელმაც UNDP-ს და შვედეთის მთავრობას GCCA-ს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


„ელექტრონული კომერციის სექტორში, მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, საერთაშორისო მხარდაჭერა, საუკეთესო პრაქტიკის, მიდგომების გაზიარება და დანერგვა GCCA-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მადლობა UNDP-ს და შვედეთის მთავრობას თანამშრომლობისთვის. 


მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის აღსრულება GCCA-ს 2022 წლიდან, ელექტრონული კომერციის კანონის აღსრულება კი 2024 წლიდან  დაემატა. ამ პერიოდიდან, ჩვენ 1500-მდე საქმე განვიხილეთ და შევძელით ათასობით მომხმარებლის უფლებების აღდგენა. ასევე, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ მნიშვნელოვანი სტანდარტები და გაიდლაინები. აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო ღონისძიებებში, რომელიც  UNCTAD-ის და ICPEN-ის ორგანიზებით იმართება,“ - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ.


სამუშაო შეხვედრა, 18-19 სექტემბერს, გაეროს სახლში გაიმართა,  რომელიც   ელექტრონული კომერციის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებდა, რათა ევროკავშირის ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით ეფექტიანად მოხდეს  თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა.


ტრენინგს ხელმძღვანელობდა მოწვეული ექსპერტი - პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ოფისის (UOKiK) ფილიალის დირექტორი, პიოტრ ადამჩევსკი. GCCA-ის თანამშრომლებმა უცხოელ კოლეგასთან ერთად, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელეს:  ელექტრონული კომერციის სექტორში სამართლებრივი აღსრულების მექანიზმებზე, დარღვევის იდენტიფიცირების და საქმის შესწავლის პროცესში არსებულ გამოწვევებზე,  დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთთანამშრომლობის მეთოდებზე,  მომხმარებლის დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ  სტრატეგიულ მიდგომებზე და ა.შ.


ინფორმაციისთვის: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2022 წლიდან მომხმარებლის დაცვის შესახებ“ კანონს, ხოლო 2024 წლიდან „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონს აღასრულებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, რომელიც სააგენტოში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დირექტივებთან მიმართებით 70%-დან 85%-მდე გაიზარდა. 2024 წელს, ელექტრონული კომერციის სექტორში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის  მხარდაჭერით ხორციელდება.


 

20.09.2024
უკან დაბრუნება