საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
კონკურენცია
მომხმარებლის უფლებები
ანტიდემპინგი

ხშირად დასმული კითხვები

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტო არის დამოუკიდებელი უწყება და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. ანგარიშვალდებულება გამოიხატება იმაში, რომ სააგენტო პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

 

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ახორციელებს კონკურენციის პოლიტიკას საქართველოში. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისათვის პირობების შექმნა და დაცვა. ამ მიზნით, სააგენტო შეისწავლის როგორც ეკონომიკური აგენტების, ასევე, სახელმწიფო უწყებების და ადმინისტრაციული ორგანოების ქცევას, კერძოდ:

• დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას;

• კონკურენციის შემზღუდველ ხელშეკრულებას, გადაწყვეტილებასა და შეთანხმებულ ქმედებას;

• არაკეთილსინდისიერ კონკურენციას;

• სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკურენციის შეზღუდვის ფაქტებს;

• ახორციელებს კონცენტრაციების კონტროლს;

• ითანხმებს გასაცემ სახელმწიფო დახმარებას;

• ატარებს სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგს;

• შეიმუშავებს სავალდებულო წინადადებებს და რეკომენდაციებს საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისათვის.

 

სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ ითვლება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი სფეროები, მუნიციპალური მომსახურების სფერო, რომელშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ განისაზღვრება და სატარიფო რეგულირებას ექვემდებარება. ეკონომიკის რეგულირებად სფეროზე ვრცელდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებები, კერძოდ, კონცენტრაციების მარეგულირებელი ნორმები, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების და შესაბამისი ჯარიმის განმსაზღვრელი ნორმები. ამდენად, კონკურენციის საკითხებზე, მარეგულირებელი ორგანოები ხელმძღვანელობენ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი პოსტულატებით და ამ კანონზე დაყრდნობით შეისწავლიან საკითხებს, თუ ქმედების განმახორციელებელი ყველა სუბიექტი წარმოადგენს ერთი და იმავე რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტს.

თავის მხრივ, სააგენტო შეისწავლის საკითხს, თუ სახეზეა ერთ-ერთი პირობა მაინც:

ა) სავარაუდო კანონდამრღვევი ან კონცენტრაციის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ წარმოადგენს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტს;

ბ) სავარაუდო კანონდამრღვევი ან კონცენტრაციის მონაწილე მხარეები წარმოადგენენ ეკონომიკის რეგულირებადი სხვადასხვა სფეროს ეკონომიკურ აგენტებს;

გ) ქმედების განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ი წარმოადგენს ეკონომიკისრეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტს, მაგრამ, სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედება (დავის საგანი) არ არის განხორციელებული ეკონომიკის რეგულირებად სფეროში.

რეგულირებად სფეროში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების მიზნით, სააგენტო და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოები თანამშრომლობენ, რაც გამოიხატება თითოეული უწყების მიერ ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მეორე უწყების სავალდებულო მონაწილეობაში. ამ მიზნით ასევე გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მარეგულირებელ ორგანოებთან.

სააგენტო ახორციელებს საქმის მოკვლევას კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, შეისწავლის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებას, გასაცემი სახელმწიფო დახმარების შესახებ განცახადებას, ახორციელებს ბაზრის მონიტორინგს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასებას.

სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდება სავალდებულოა მის მიერ ჩატარებული ყველა სახის წარმოების პროცესში. სააგენტოსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება: ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა; არასწორი ინფორმაციის მიწოდება ან მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება; სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას სამი ათასი ლარის ოდენობით. ხოლო ფიზიკური პირის დაჯარიმებას - ათასი ლარის ოდენობით. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა ხუთი ათასი ლარის ოდენობით. ხოლო, ფიზიკურ პირს - სამი ათასი ლარის ოდენობით. ამასთან, ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს სააგენტოსათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სააგენტოს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით და მისი მეშვეობით მოითხოვოს შესაბამისი პირისგან ინფორმაციის/ დოკუმენტაციის გამოთხოვა.

სააგენტო ვალდებულია დაიცვას ეკონომიკური აგენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც სხვა საიდუმლოებებთან ერთად შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ ინფორმაციას, კომერციულ საიდუმლოებას, საბანკო საიდუმლოებას ან/და საგადასახადო საიდუმლოებას; კონკრეტულად კომერციულ საიდუმლოებასთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ პირმა თავად უნდა მოითხოვოს, რომ სააგენტომ კომერციულ საიდუმლოებად ცნოს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია - ამ მიზნით, გამოიცემა სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება.

სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტზე სააგენტოსათვის მიმართვა ხდება [საჩივრის](https://competition.ge/public/application-forms) წარდგენის გზით - საჩივრის ფორმა დამტკიცებულია სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიული აქტით.

სააგენტო საქმის მოკვლევას იწყებს საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით - თუ არსებობს გონივრული ეჭვი იმისა, რომ შესაძლოა დარღვეული იყოს კანონის შესაბამისი მუხლი.

სააგენტოში, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის დაცვით შევსებული საჩივარი შეიძლება წარმოადგინოს მხოლოდ ეკონომიკურმა აგენტმა, რომელსაც მიაჩნია, რომ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მას უშუალოდ ადგება ქონებრივი ზიანი. მან სააგენტოში უნდა წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებებიც. სავარაუდო კანონდარღვევის თაობაზე, სხვა ნებისმიერი სახის კორესპოდენცია, მათ შორის, პირთა მიერ შემოტანილი განცხადებები სააგენტოში მიიღება ცნობის სახით და თუ არსებობს გონივრული ეჭვი კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, სააგენტო ამ ინფორმაციას იყენებს საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დასწყებად.

იმისათვის, რომ სააგენტომ საჩივრის საფუძველზე დაიწყოს მოკვლევა, დაკმაყოფილებული უნდა იყოს გონივრული ეჭვის სტანდარტი. კერძოდ, უნდა არსებობდეს გონივრული ეჭვი იმისა, რომ დარღვეულია კონკურენციის კანონმდებლობა და სახეზე არ უნდა იყოს მოკვლევაზე უარის თქმის საფუძვლები, როგორიცაა:

• საჩივარი არ წარმოუდგენია უფლებამოსილ პირს;

• არ არსებობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;

• საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლის ეტაპზე მომჩივანმა სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია;

• მოკვლევის შედეგად სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება;

• სააგენტოს მიღებული აქვს საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება;

• სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე ან იმავე დავის საგანზე სასამართლოს მიღებული აქვს განჩინება ან სხვა გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

• საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლისას სააგენტო თანხმობას განაცხადებს კანონის სავარაუდოდარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე.

სააგენტო საჩივრის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საჩივრის ფორმალურ შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. თუ წარდგენილი საჩივარი არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, სააგენტო მომჩივანს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხოლო ხარვეზის გამოუსწორებელობის შემთხვევაში, საჩივარი რჩება განუხილველი. საჩივრის მატერიალურ დასაშვებობას და მის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების მიზანშეწონილობას სააგენტო შეისწავლის საჩივრის სრულყოფილი სახით რეგისტრაციიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. საქმის სირთულიდან გამომდინარე, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით.

საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე.

სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ინიშნება მოკვლევის ჯგუფი მინიმუმ 2 პირის მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაშიც სააგენტოს თანამშრომელთან ერთად შეიძლება იყოს, ასევე მოწვეული სპეციალისტიც. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელად ინიშნება სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი. მოკვლევის ჯგუფი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ქმედება, რაც საჭიროა საქმის მოკვლევის განხორციელებისათვის. კერძოდ, შეაგროვოს ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით; მიიღოს ახსნა-განმარტება ან გამართოს საკონსულტაციო შეხვედრა საქმის გარემოებათა დასადგენად; მოიწვიოს ექსპერტი; მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქმის მოკვლევის დასრულებამდე, კერძოდ, შემაჯამებელ სხდომამდე 25 სამუშაო დღით ადრე, სააგენტო ვალდებულია მხარეებს გაუგზავნოს გადაწყვეტილების პროექტი და მისცეს ვადა მოსაზრებების წარმოსადგენად.

კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე წარმოებული მოკვლევის ფარგლებში, თუ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მხარეთა მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ან საჭიროა აქტივების ადგილზე დათვალიერება, სააგენტო, სასამართლო ნებართვის საფუძველზე, ახორციელებს ეკონომიკური აგენტების, როგორც იურიდიული ასევე, ფაქტობრივი საქმიანობის ადგილების შემოწმებას. ადგილზე შემოწმების თაობაზე ეკონომიკური აგენტის წინასწარი ინფორმირება არ ხდება სასამართლოს მიერ.

ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა შეიძლება ეკავოს ერთ ეკონომიკურ აგენტს (ინდივიდუალური დომინტური მდგომარეობა) ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტების ჯგუფს (ჯგუფური დომინანტური მდგომარეობა). ინდივიდუალური დომინანტობის შემთხვევაში - დომინირებული მდგომარეობის მქონედ ითვლება ეკონომიკური აგენტი, რომლის საბაზრო წილი 40%-ზე მეტია. აღნიშნული მდგომარეობის განსაზღვრისას, საბაზრო წილთან ერთად, მხედველობაში მიიღება მისი კონკურენტების საბაზრო წილები, ბაზარზე შესვლის ბარიერები, წარმოების გაფართოების ბარიერები, მყიდველის საბაზრო ძალაუფლებისა, ნედლეულის წყაროს ხელმისაწვდომობა, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხი, ქსელური ეფექტები და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორები.

ჯგუფური დომინანტობის შემთხვევაში - ბაზარზე მოქმედი ორი ან მეტი ეკონომიკური აგენტიდან თითოეული ჩაითვლება დომინანტური მდგომარეობის მქონედ თუ:

• არაუმეტეს 3 ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 50 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია;

• არაუმეტეს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი წილის მქონე ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 80 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია.

დომინანტური მდგომარეობა არ წარმოადგენს კანონდარღვევას. აკრძალულია მხოლოდ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების კონკრეტული შემთხვევები მოცემულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლში.

დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ყველაზე გავრცელებული სახეებია: მტაცებლური ფასების დაწესება ან არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენა; მარჟის შეზღუდვა; მიწოდებაზე უარი; ფასისმიერი დისკრიმინაცია; კონკურენციის შემზღუდველი ფასდათმობების გამოყენება; მიბმა და დაჯგუფება. ბოროტად გამოყენების ცალკეული სახეების განმარტებები და საერთაშორისო პრაქტიკა თითოეულთან მიმართებაში მოცემულია სააგენტოს მიერ გამოცემულ გზამკვლევ [დოკუმენტში](https://admin.competition.ge/uploads/0deb87c0270b4addb891a0f792f9a437.PDF)

დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისათვის კანონი ითვალისწინებს ჯარიმას, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსურ წელს მხარის წლიური ბრუნვის 5%-ს (განმეორების შემთხვევაში - 10%-ს). ჯარიმის ოდენობის დადგენისას სააგენტო ითვალისწინებს დარღვევით გამოწვეულ ზიანს, დარღვევის ხანგრძლივობასა და სიმძიმეს.

აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აკრძალვა.

აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა .

კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებების კონკრეტული შემთხვევები მოცემულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში და მას განეკუთვნება: შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სავაჭრო პირობების დადგენა; წარმოების, ბაზრის, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა; ბაზრების ან მიწოდების წყაროების განაწილება; სავაჭრო პარტნიორებისათვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება და მათი მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება; გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელსაც გარიგების საგანთან საგნობრივი და კომერციული კავშირი არ აქვს. აღნიშნული სახეების განმარტებები და საერთაშორისო პრაქტიკა თითოეულთან მიმართებაში მოცემულია სააგენტოს მიერ გამოცემულ გზამკვლევ [დოკუმენტში](https://admin.competition.ge/uploads/1c5b8828bc6948689535c33d6428d5e0.PDF)

კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების გამოვლენის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ჯარიმას, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსურ წელს მხარის წლიური ბრუნვის 5%-ს (განმეორების შემთხვევაში - 10%-ს). ჯარიმის ოდენობის დადგენისას სააგენტო ითვალისწინებს დარღვევის შედეგად დამდგარ ზიანს, დარღვევის ხანგრძლივობასა და სიმძიმეს.

თანამშრომლობის პროგრამა (Leniency) გულისხმობს პირის სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

• თუ იგი წერილობით აღიარებს აღიარებს კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებაში მონაწილეობას;

• საააგენტოს ზეპირად ან/და წერილობით მიაწვდის საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მტკიცებულებას მანამ, სანამ ეს ინფორმაცია და მტკიცებულება სააგენტოსთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი;

• საქმის მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს სააგენტოსთან;

• შეწყვეტს კანონის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტო მიიჩნევს, რომ პირის მიერ ამ შეთანხმებაში მონაწილეობის გაგრძელება საქმის მოკვლევას ხელს შეუწყობს;

• არ გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტსა და მტკიცებულებას;

• არ გაამჟღავნებს ინფორმაციას თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირებს შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.

არაკეთილსინდისიერ კონკურენციად ითვლება ეკონომიკური აგენტის ისეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტისა და მომხმარებლის ინტერესებს. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის საილუსტრაციო ჩამონათვალი მოცემულია კანონის მე-11 ტერცია მუხლში: მაგალითად: კონკურენტის რეპუტაციის შელახვა; საქონლის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება; კომერციული ინფორმაციის მფლობელის საწინააღმდეგოდ მოპოვება; შემსყიდველის, მიმწოდებლის, მისი თანამშრომლის მოსყიდვა; საქონლის გარეგანი იერსახის მითვისება და სხვ.

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოვლენის შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის 1%-ს, ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 3%-ს.

პირობითი ვალდებულებები არის ეკონომიკური აგენტის მიერ სააგენტოსთვის შემოთავაზებული კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც გულისხმობს მის მიერ რაიმე სახის ქმედების შესრულებას სავარაუდო კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით. პირობითი ვალდებულებების შეთავაზება პირს შეუძლია როგორც საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე, ასევე, საქმის მოკვლევის ფარგლებშიც, გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე. საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე სააგენტოს მიერ პირობითი ვალდებულების მიღების შემთხვევაში, სააგენტო არ იწყებს საქმის მოკვლევას და პირს განუსაზღვრავს ვადას ამ ვალდებულებების შესასრულებლად. საქმის მოკვლევის დროს სააგენტოს მიერ პირობითი ვალდებულებების მიღების შემთხვევაში, სააგენტო საქმის მოკვლევას ასრულებს დარღვევის შეფასების გარეშე და პირს განუსაზღვრავს ვადას ამ ვალდებულებების შესასრულებლად.

საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მის მიერვე განსაზღვრული სახით არ შეასრულებს პირობით ვალდებულებას, საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლა განახლდება და დასაშვებობის ვადის ათვლა თავიდან დაიწყება. საქმის მოკვლევის ეტაპზე თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას საქმის მოკვლევა განახლდება და პირს დაეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს.

ეკონომიკური აგენტების კონცენტრაცია შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა გზით:

• ორი ან მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის შერწყმით;

• ფასიანი ქაღალდების ან წილის შეძენით, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტზე პირდაპირი ან ირიბი, სრული ან ნაწილობრივი კონტროლის მოპოვებით;

• ერთობლივი საწარმოს შექმნით, რომელიც ხანგრძლივად ასრულებს დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის ყველა ფუნქციას.

სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.

კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი. საფასურის გადახდის ვალდებულება არ აქვს ეკონომიკის რეგულირებად სექტორში მოქმედ სუბიექტს. საფასურის გადახდა ხორციელდება შემდეგ კოდზე:

კოდი: სსიპ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური მიმღების დასახელება-ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი-TRESGE22 ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი - 707747124

სააგენტო კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებას განიხილავს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან არაუმეტეს 25 სამუშაო დღის ვადაში და ამოწმებს დაგეგმილი კონცენტრაციის შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. სააგენტო აღნიშნული ვადის ფარგლებში იღებს ასევე გადაწყვეტილებას შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია, შესაძლოა, არ იყოს თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან ან საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა საკითხის დამატებითი შესწავლა. ასეთ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია განიხილოს შეტყობინება ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში.

თუ განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად მოსალოდნელია ეფექტიანი კონკურენციის არსებითი შეზღუდვა, კონცენტრციის მხარეებმა შეიძლება სააგენტოს შესთავაზონ ოპერაციის ცვლილების (მოდიფიკაციის) განხორციელება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით.

სტრუქტურული ხასიათის ღონისძიება არის მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება, რომლის შესაბამისადაც იცვლება ბაზრის სტრუქტურა (მაგ: შეიძლება მოხდეს ბიზნესის ნაწილის გაყიდვა და სხვა).

ქცევითი ხასიათის ღონისძიება არის მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება, მის მიერ რაიმე კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვალდებულებების განხორციელების შემდეგ, კონცენტრაცია აღარ მოახდენს გავლენას ეფექტიან კონკურენციაზე, გამოიტანს დადებით გადაწყვეტილებას კონცენტრაციაზე და მხარეებს განუსაზღვრავს ვადას მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.

 

თუ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული ფორმით არ არის შესრულებული ღონისძიებები, კონცენტრაციის მხარეებს ეკისრებათ ჯარიმა, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს. სხვა პირის შემთხვევაში - 500 ლარს.

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონკურენციის სააგენტოს გვერდის ავლით, სააგენტოს მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი დაჯარიმდება. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის 5%-ს.

თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის გაუქმება შესაძლებელია, თუ კონცენტრაცია განხორციელებულია და არსებობს სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილება კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან არათავსებადობის შესახებ ან თუ მხარის მიერ არ არის შესრულებელი ის სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები, რომელთა გათვალისწინებითაც გაიცა დადებითი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებას კონცენტრაციის გაუქმების თაობაზე, სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

სახელმწიფო დახმარებად ითვლება საბიუჯეტო სახსრების ან სახელმწიფო რესურსების გადაცემით ან სხვა შეღავათის დაწესებით ეკონომიკური აგენტისთვის შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება, ნებისმიერი ფორმით. სააგენტოსთან შეთანხმებით შეიძლება დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დახმარება, რომელიც მნიშვნელოვნად არ ზღუდავს კონკურენციას ან არ ქმნის მისი მნიშვნელოვნად შეზღუდვის საშიშროებას და რომელიც გაიცემა ორ სფეროში:

• გარკვეული რეგიონების ეკონომიკური განვითარებისათვის:
• კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობისათვის. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N529 დადგენილების შესაბამისად ასევე განსაზღვრულია [ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესი](https://admin.competition.ge/uploads/0f968c301c594ff69ece7fd6c1c7c3f9.pdf)

სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ კონკურენციის შეზღუდვა დაუშვებელია. კანონმდებლობის დარღვევა შესაძლოა გამოიხატოს შემდეგი ქმედებებში:

• ეკონომიკური აგენტისათვის შეღავათების დაწესებაში, რომლებიც მას კონკურენტებთან, ან პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს და ზღუდავს კონკურენციას;
• ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობის ან/და დამოუკიდებლობის შეფერხებაში;
• საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციისათვის სახელმწიფო სტრუქტურების შექმნაში;
• ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის დომინანტური მდგომარეობის შექმნას და სხვა. იმ ქმედებების ზუსტი ჩამონათვალი, რომელიც ეკრძალებათ სახელმწიფო უწყებებს მოცემულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლში.

სახელმწიფო უწყებების მიერ კონკურენციის კანონის დარღვევას არ ექნება ადგილი, თუ მათი ქმედება განხორციელებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მონიტორინგი გულისხმობს საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებული ზოგადი ვითარების შესწავლას კონკურენციის ჭრილში, მოქმედი ძირითადი ფაქტორების, არსებული ბარიერების ანალიზსა და კონკურენტული გარემოს შეფასებას. მონიტორინგი არის ზოგადი პროცედურა და არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული სუბიექტის წინააღმდეგ.

მონიტორინგს დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს: მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები, ადმინისტრაციული ორგანოების მომართვა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, სააგენტოს მიერ შემუშავებული დამატებითი მეთოდოლოგიური დოკუმენტი/დოკუმენტები ან/და სხვა ნებისმიერი წყაროდან მიღებული ინფორმაცია. თუ მონიტორინგის პროცესში გამოკვეთილი გარემოებები წარმოშობს გონივრულ ეჭვს შესაბამისი ეკონომიკური აგენტის/აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის შესახებ, სააგენტო საკუთარი ინიციატივით იწყებს საქმის მოკვლევას აღნიშნული პირის/პირების მიმართ.

სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია სრულად გადასინჯოს სააგენტოს გადაწყვეტილება, მათ შორის, ჯარიმის ოდენობის ნაწილში.