საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
კონკურენცია
მომხმარებლის უფლებები
ანტიდემპინგი

ხშირად დასმული კითხვები

მომხმარებელი არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც საქონელს /მომსახურებას იძენს ან შემდგომ იყენებს უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო ან პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.

მოვაჭრე არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც მოქმედებს კომერციული საქმიანობის ფარგლებში და მისი მიზანია მომხმარებლისთვის საქონლის ან მომსახურების მიყიდვა, მიწოდება ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობა. მოვაჭრედ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოქმედებს მოვაჭრის სახელით ან დავალებით.

განმცხადებელი არის ნებისმიერი პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს მიმართავს მომხმარებლის უფლების დარღვევის ან/და სავარაუდო დარღვევის შესახებ, მიუხედავად იმისა მიადგა თუ არა ზიანი უშუალოდ მის ინტერესს.

თუ მომხმარებელი ფიქრობს, რომ მისი უფლებები დაირღვა, პირველ რიგში უნდა მიმართოს მოვაჭრეს და მისგან მოითხოვოს მდგომარეობის გამოსწორება. თუ მოვაჭრე უარს იტყვის მომხმარებლის დარღვეული უფლებების აღდგენაზე, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს - საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ან შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ უფლებამოსილ ორგანოს. მომხმარებელს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვა დარღვევის ჩადენიდან 2 წლის განმავლობაში შეუძლია. სააგენტო მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება.

უსამართლოა კომერციული საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების მოთხოვნებს და არსებითად უარყოფითად მოქმედებს მომხმარებლის ეკონომიკურ ქცევაზე. უსამართლო კომერციულ საქმიანობას წარმოადგენს შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა ან აგრესიული კომერციული საქმიანობა. კომერციული საქმიანობა უსამართლოდ არ მიიჩნევა, თუ რეკლამაში მოცემული ინფორმაცია გაზვიადებულია ან პირდაპირ არ უნდა იქნეს გაგებული. კომერციული საქმიანობა ითვლება აგრესიულად, თუ იგი შევიწროებით, იძულებით, მათ შორის, ფიზიკური ძალის გამოყენებით ან გავლენის ბოროტად გამოყენებით ნეგატიურად მოქმედებს მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის უფლებაზე ან ცვლის ან/და შესაძლოა შეცვალოს მისი ქცევა საქონელთან ან მომსახურებასთან მიმართებით.

 

უსამართლო კომერციული საქმიანობა აკრძალულია!

 

მოვაჭრეს შეუძლია დამატებითი ვალდებულებები იკისროს მომხმარებლის წინაშე და მას კომერციული გარანტია შესთავაზოს. კომერციული გარანტია არ ანაცვლებს კანონისმიერ გარანტიას, რომლის ხანგრძლივობაც 2 წელია. კომერციული გარანტიის პირობა, რომელიც ზღუდავს მომხმარებლის კანონით დადგენილ უფლებებს, ბათილია.

თუ მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონელი ნაკლის მქონეა, მას უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, საქონლის ფასის შემცირება ან დააბრუნოს საქონელი და მოითხოვოს გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება.

თუ შეძენილი საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდება და ისე არ გამოიყურება ან იმგვარად არ მუშაობს, როგორც მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერაში, მისთვის წარდგენილ ნიმუშში ან რეკლამაში იყო წარმოჩენილი, კანონი გაყიდულ საქონელზე 2 წლიან კანონისმიერ გარანტიას ითვალისწინებს თუ მომხმარებელი საქონლის ნაკლს საქონლის მისთვის ჩაბარებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩენს, იგულისხმება, რომ ნაკლი საქონლის მიწოდებისას არსებობდა. ნაკლის 6 თვის შემდეგ აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს თავად მოუწევს იმის მტკიცება, რომ საქონლის ნაკლი საქონლის მიწოდებისას არსებობდა.

• მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;

• მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;

• მიწოდებული საქონელი ჰერმეტულად დაცულია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;

• მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;

• მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;

• მიწოდებულ იქნა ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი/მისი მიწოდების საფუძველი სააბონენტო ხელშეკრულებაა;

• ხელშეკრულება საჯარო აუქციონის შედეგად დაიდო და სხვა.

• მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, 14 დღის განმავლობაში უარი თქვას დისტანციურად შეძენილ საქონელზე/ მომსახურებაზე. ნივთზე უარის თქმის ვადის ათვლა დაიწყება ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარებიდან ან მომსახურების ხელშეკრულების დადების მომენტიდან.

• დისტანციურად შეძენილი საქონლზე/მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვაჭრემ მომხმარებელს სრულად უნდა დაუბრუნოს გადახდილი თანხა, მიწოდების ხარჯის ჩათვლით

• თუ მოვაჭრე მომხმარებელს არ მიაწვდის ინფორმაციას საქონლის ან მომსახურების დაბრუნების უფლების შესახებ, მომხმარებელს უფლება აქვს აღნიშნული საქონელზე/მომსახურებაზე უარი თქვას 14 დღიანი ვადის გასვლიდან 12 თვის განმავლობაში.

• საქონლის/მომსახურების დაბრუნების (მოვაჭრისთვის მიწოდების) ხარჯი მომხმარებელს ეკისრება

• ეს რეგულაცია არ ვრცელდება იმ საქონელზე/ მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.

საქონლის ან მომსახურების დისტანციურად შეძენისას, როცა მომხმარებელს გასაყიდი პროდუქტის უშუალოდ გაცნობის შესაძლებლობა არ აქვს, კანონით მომხმარებლის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტია გათვალისწინებული. მათ შორის, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს მკაფიო ინფორმაცია:

• ხელშეკრულებაზე უარის თქმის ვადის/პირობების/ წესის/ გამონაკლისების შესახებ;

• ინფორმაცია საქონლის/ მომსახურების დაბრუნების ხარჯის შესახებ;

• ქცევის კოდექსის არსებობის შესახებ;

• „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

• ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის სარეწის გარეთ და მოითხოვს მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკურ თანაყოფობას

• ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სარეწში (სავაჭრო ობიექტში) ან დისტანციური კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა ხელშეკრულების დადების შესახებ ინდივიდუალური შეთავაზება უშუალოდ მიიღო მოვაჭრისგან სარეწის გარეთ

• ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ექსკურსიის დროს, რომელიც მოვაჭრის მიერ იყო ორგანიზებული საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობისთვის ან ასეთ შედეგს იწვევს.

ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით (მაგ. ონლაინ) და არ მოითხოვს მომხმარებლისა და მოვაჭრის ფიზიკურ თანაყოფობას.

 

მოვაჭრე ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდრული დღის ვადაში მიაწოდოს მომხმარებელს საქონელი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ ვადის დარღვევისას მომხმარებელმა მოვაჭრეს გონივრული დამატებითი ვადა უნდა განუსაზღვროს. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ, თუ მოვაჭრემ კვლავ არ მიაწოდა მომხმარებელს საქონელი, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს, ხოლო მოვაჭრე ვალდებულია მას მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

• საქონლის/ მომსახურების დასახელება და არსებითი მახასიათებლები;

• მოვაჭრის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;

• საქონლის/მომსახურების ფასი, ძირითადი და დამატებითი ხარჯები;

• საგარანტიო პირობები;

• არსებობის შემთხვევაში, ვალდებულებათა შესრულების პირობები და ვადები;

• არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები;

• „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია