საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
კონკურენცია
მომხმარებლის უფლებები
ანტიდემპინგი

ხშირად დასმული კითხვები

დემპინგი წარმოადგენს საერთაშორისო ფასისმიერი დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას, როდესაც კომპანია პროდუქტს იმპორტიორ ქვეყანაში ყიდის იმაზე დაბალ ფასად (ნორმალურ ღირებულებაზე დაბალ ფასად), ვიდრე ექსპორტიორის ადგილობრივი ქვეყნის ბაზარზე. საქართველოს კანონი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ მიზნად ისახავს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას დემპინგური იმპორტით მიყენებული ზიანისაგან ან ამგვარი ზიანის საფრთხისაგან.

 

მნიშვნელოვანია, ტერმინი „დემპინგი“ განვასხვავოთ ქვეყნის შიდა ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ პროდუქტის არასამართლიანად დაბალ ფასად გაყიდვის (ე.წ. მტაცებლური ფასის) შემთხვევისგან. ვინაიდან დემპინგი მხოლოდ იმპორტირებულ პროდუქტს ეხება, ხოლო მისი გავლენა კონკრეტულად ადგილობრივი ინდუსტრიის მიმართ ფასდება.

პროდუქტის ნორმალური ღირებულება, ანტიდემპინგურ წარმოებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია - სწორედ იგი უნდა შედარდეს პროდუქტის საექსპორტო ფასს და შეფასდეს დემპინგის არსებობის საკითხი.

თუ პროდუქტი იწარმოება საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, ნორმალური ღირებულება, ე.წ. შიდა გაყიდვის ფასი, წარმოადგენს პროდუქტის ფასს ექსპორტიორის ადგილობრივ ბაზარზე. ნორმალური ღირებულება განისაზღვრება EXW ფასებით, ყველა შიდა გადასახადის გამოქვითვით, რომელიც განკუთვნილია ექსპორტიორ ქვეყანაში ადგილობრივი მოხმარებისთვის.

პროდუქტი, რომელიც არის შესწავლის ობიექტის იდენტური, ანუ ყოველმხრივ ამ პროდუქტის მსგავსი. ასეთი პროდუქტის არარსებობის შემთხვევაში მსგავსი პროდუქტია პროდუქტი, რომელსაც აქვს ისეთი მახასიათებლები, რომლებიც ძალიან ჰგავს შესწავლის ობიექტის მახასიათებლებს.

სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი წარმოადგენს ​​წინასწარ განსაზღვრული პროცენტულ წილს, რომელიც გამოითვლება შესწავლის ობიექტის საბაჟო ღირებულებიდან; იგი დგინდება თითოეული ექსპორტიორისთვის ინდივიდუალურად, ინდივიდუალური დემპინგური ზღვრის გათვალისწინებით. თუ შესწავლის ორგანოს მიერ დადგენილია ერთიანი დემპინგური ზღვარი, შესწავლის ობიექტის თითოეულ ცნობილ უცხოელ ექსპორტიორზე ან პროდუქტის მწარმოებელზე ანტიდემპინგური ტარიფი წესდება არადისკრიმინაციულობის პრინციპის გათვალისწინებით.

სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება ხდება არაუმეტეს 5 წლის ვადით. განმეორებითი შესწავლის საფუძველზე ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს არაუმეტეს 5 წლით.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ანტიდემპინგური შესწავლისთვის შემუშავებულია ფასთა შედარებადობის ზოგადი სტანდარტი, რა დროსაც უნდა დადგინდეს დემპინგური ზღვარი. დემპინგური ზღვარი არის ის სხვაობა, რომლითაც პროდუქტის ნორმალური ღირებულება აღემატება საექსპორტო ფასს. იგი საექსპორტო ფასის მიმართ პროცენტული მაჩვენებლით არის გამოსახული. საგულისხმოა, რომ ანტიდემპინგური ზომა შემოირება დემპინგურ ზღვრის ფარგლებში.

მაგალითისთვის, თუკი პროდუქტის EXW ნორმალური ღირებულებაა 100 ლარი, ხოლო EXW ექსპორტის ფასი  - 80 ლარი,  დემპინგის ოდენობაა მათ შორის სხვაობა, ე.ი. 20, ხოლო დემპინგური ზღვარი იქნება 20 ‘/’ 80 = 25%

სააგენტო ანტიდემპინგურ წარმოებას ახორციელებს  ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ ან მისი სახელით გაკეთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლის ფორმაც ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე. შესწავლა მოიცავს:

  • დემპინგური იმპორტის არსებობის დადგენას;
  • დემპინგის შედეგად ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის ან მისთვის ზიანის მიყენების საფრთხის დადგენას;
  • და მიყენებულ ზიანსა და დემპინგს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენას.

საგულისხმოა, რომ განცხადება გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით, რათა შესწავლის ორგანომ მიიღოს დასაბუთებული და გამართლებული გადაწყვეტილება ანტიდემპინგური შესწავლის დაწყებაზე. განცხადების შევსების სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.

განცხადების შემოტანა შეუძლია ადგილობრივ ინდუსტრიას, რომელიც აწარმოებს შესწავლის ობიექტის მსგავს პროდუქტს; ადგილობრივი ინდუსტრიის სახელით მოქმედ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიული პირს ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ნებისმიერს გაერთიანებას.

ანტიდემპინგურ წარმოებაში განცხადების მატერიალური დასაშვებობის ეტაპზე მოწმდება განმცხადებლის უფლებამოსილება, რა დროსაც დაკმაყოფილებული უნდა იყოს შემდეგი ორი პირობა:

ა. განცხადება მხარდაჭერილი უნდა იყოს ადგილობრივი ინდუსტრიის იმ ნაწილის მიერ, რომლის წარმოებული მსგავსი პროდუქტის მოცულობა აღემატება განცხადების ექსპლიციტურად მხარდამჭერი ან საპირისპირო აზრის მქონე ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტის 50 პროცენტს.

ბ. ამავდროულად, მითითებულ მხარდამჭერთა მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტის მოცულობა არ უნდა იყოს ნაკლები მთლიანი ადგილობრივი ინდუსტრიის 25 პროცენტზე.

სააგენტო შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენის დღიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 კალენდარული დღით შესწავლის ორგანოს მიერ განმცხადებლისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.

განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მოწმდება განცხადების ფორმალური შესაბამისობა. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ამის შესახებ და განესაზღვრება ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

ანტიდემპინგური შესწავლის პერიოდი გრძელდება არაუმეტეს 12 თვისა. ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს არაუმეტეს 6 თვით.

საბოლოო გადაწყვეტილებას ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა. კერძოდ, შესწავლის ორგანოს მიერ დასკვნის წარდგენიდან 30 დღის ვადაში საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების შესახებ.

ანტიდემპინგური წარმოებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი/ უზრუნველყოფის ფორმა, ნებაყოფლობითი ვალდებულება და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი.

წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი გამოიყენება შეასწავლის პერიოდში, რათა თავიდან იქნეს აცილებული დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენება ან ზიანის მიყენების საფრთხე.

თუკი შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ დემპინგურმა იმპორტმა ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანი მიაყენა ან შექმნა მისთვის ზიანის მიყენების საფრთხე, შესაძლოა შემოღებულ იქნეს წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი/უზრუნველყოფის ფორმა. აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს შესწავლის დაწყების დღიდან არანაკლებ 60 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, ხოლო ტარიფი შემოიღება არაუმეტეს 4 თვით. ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 6-დან 9 თვემდე.

ანტიდემპინგური კანონმდებლობა ითვალისწინებს ექსპორტიორის მიერ ფასთან მიმართებით ნებაყოფლობითი ვალდებულების აღების შესაძლებლობას, რაც ითვალისწინებს ექსპორტიორის ვალდებულებას, გადახედოს შესწავლის ობიექტის დადგენილ ფასს ან შეწყვიტოს შესწავლის ობიექტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური ფასით ექსპორტი. სააგენტო აფასებს რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი ვალდებულების დამტკიცება, ასევე, პარალელურად განსაზღვრავს წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების სახესა და ზომას, იმ შემთხვევისთვის, თუ ექსპორტიორი ნებაყოფლობით ვალდებულებას არ შეასრულებს.