საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა დაადგინა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ჯამურად მილიონ ექსვსასი ათას ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრა, როგორც მომჩივან (შპს „ელ.ბილეთები)“, ასევე მოპასუხე მხარეებს (შპს „თინეთი“ და და ერთიანი ეკონომიკური სუბიექტი „სადისტრიბუციო კომპანია“). მოკვლევის ფარგლებში, სს „თიბისი ბანკისა“ და TBC Bank Group PLC-ს მიმართ კანონის მე-7 მუხლის დარღვევა არ დადგინდა. აგრეთვე, კანონის მე-6 მუხლის დარღვევა არ დადგინდა შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მიმართ. გარდა ამისა, კულტურული, გასართობი, შემოქმედებითი, სპორტული, დასვენებისა და ტურიზმის, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო თუ სხვა ტიპის ღონისძიებების/პროდუქციის/მომსახურების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზრის გაჯანსაღების მიზნით გაიცა სამი რეკომენდაცია შესაბამისი სუბიექტების მიმართ.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,MGL GEORGIA“-ს საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხებოდა - შპს ,,ჯნს ჯორჯიას“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და 113 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტს. მოკვლევის ფარგლებში მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის შესაბამისად, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტს ეხებოდა. მოკვლევის შედეგად დადასტურდა ორი მოპასუხე ეკონომიკური აგენტის და ერთ-ერთი მთარგმნელ-თარჯიმნის მიერ მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტი. ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ. ასევე, ეკონომიკურ აგენტებს წარედგინათ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სს ,,საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსისა“ და სს ,,რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა. მოკვლევის შედეგად კანონდარღვევის ფაქტი არ დადასტურდა, თუმცა, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსს“ დაევალა - სს ,,საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ მიმართვის შემთხვევაში, შაბათ დღეს ოჯახის ექიმის მომსახურების მიწოდების საკითხი განიხილოს და კომერციულ პირობებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თანაბარ და არადისკრიმინაციულ პირობებში უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების დადება.
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დაასრულა შპს „ჯევერს დეველოპმენტის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა. საკითხი ეხებოდა შპს „აუთდორ.ჯის“ მიერ ქალაქ თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მომსახურების ბაზარზე განხორციელებული ქმედების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტს. მოკვლევის შედეგად, შპს „აუთდორ.ჯის“ მიმართ დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ფაქტი, რაც გულისხმობს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. კომპანიას დაეკისრა კანონით გათვალისწინებული ფინანსური სანქცია და შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაცია გაიცა.
ფოთში მოქმედმა 14-მა სატერმინალო კომპანიამ სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე - რაც გამოიხატებოდა ახალი კომბინირებული ტარიფის სავალდებულო წესით შემოღების მცდელობაში. მოკვლევის შედეგად პორტის მიერ დაგეგმილი ახალი სქემა მიჩნეულ იქნა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად, თუმცა, ვინაიდან სქემა არ იყო ამოქმედებული, პორტს არ დაუდგინდა კანონდარღვევა და არ დაეკისრა სანქცია.
შპს „დუთი ფრი ჯორჯიამ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი სს „თბილისის თამბაქოს“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა მოპასუხესა და მომჩივანის კონკურენტ კომპანიას შორის პროდუქციის მიწოდების თაობაზე ექსკლუზიური ხელშეკრულების გაფორმებაში. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა სს „თბილისის თამბაქოს“ მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი.
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოკვლევა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ტერიტორიაზე ეკონომიკურ აგენტთა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინალთა საქმიანობის ქვეყნის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველსაყოფად. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მხრიდან კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი.
შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიციამ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა მოპასუხის მიერ კომბინირებული ტარიფის დაწესებაში (რომელშიც ფაქტიურად არ იყო ასახული საექსპედიციო მომსახურების ტარიფი). მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალის“ მხრიდან დარღვევის ფაქტი.
საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „გლობალაგრომ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა განცხადება აზერბაიჯანული კომპანია „კარატ ჰოლდინგის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც, განმცხადებლის პოზიციით, გამოიხატებოდა ჰოლდინგის მიერ ბაზარზე არასამართლიანი ფასით ოპერირებაში. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა მოპასუხის მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი.