საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.
სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულ იქნა 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.
სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს:
• 23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით
• 47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით
• 18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით
ავერსის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, გეფას (ჯი პი სი, ფარმადეპო) შემთხვევაში ასევე 74 ფაქტს, პსპ-ს შემთხვევაში 81 ფაქტს და მერმისის შემთხვევაში 29 ფაქტს.
სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ:
ავერსი: 14 402 425 ლარი;
გეფა: 20 349 336 ლარი;
პსპ: 17 094 872 ლარი;
მერმისი: 951 301 ლარი.
ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს.
სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას 5 კომპანიის - ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი და ეს კა იმპექსის მიმართ აწარმოებდა. საკითხის შესწავლის პროცესში, ეს კა იმპექსის მიმართ დარღვევის ფაქტი არ დადგინდა.
2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 7 მოკვლევა - დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 5 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა. მოკვლევები ეხებოდა - საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, ფარმაციის, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების, სწრაფი კვების მომსახურების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს. ამ დროსთვის, სააგენტო 3 საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს - კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით.