GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 5 თვის სტატისტიკას აქვეყნებს.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 5 თვეში, GCCA-ში - 1036 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 3150 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 106 %-ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 122 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 299 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 53 მოვაჭრეს - 82 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 69 176 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 109 საქმეზე - 93 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 80 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6 %, იმერეთი 4 %, ქვემო ქართლი 3 %, კახეთი 2 %, სამეგრელო ზემო-სვანეთი 1 % და სხვ.
მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 422 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 251, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 224, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 54, ხოლო სხვა დანარჩენზე - 85. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 71 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11 %, განთავსება და საკვების მიწოდება 2 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 13 %.