საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ნოდარ ხადურის 2018 წლის 11 დეკემბრის ბრძანებით, დამტკიცდა სარეკომენდაციო ხასიათის გზამკვლევი დოკუმენტი, სახელწოდებით: „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის რიგი დებულებების განმარტება ევროკავშირის აღმასრულებელი და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე.“ დოკუმენტში განხილულია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება - დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. გზამკვლევი მოიცავს ევროკომისიისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს კონკრეტულ საქმეებს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემდეგ სახეებთან მიმართებაში: მტაცებლური ფასები, ფასდათმობები, ფასისმიერი დისკრიმინაცია (ფასის შერჩევითი შემცირება), მარჟის შეზღუდვა, მიბმა, მიწოდებაზე/დაშვებაზე უარი. გზამკვლევი მიზნად ისახავს ეკონომიკური აგენტების, იურისტებისა და სხვა სამიზნე ჯგუფებისათვის, მარტივად აღქმადი ფორმით, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების კონკრეტული მაგალითების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და კონკურენციის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.