სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტომ, „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, მოკვლევა განახორციელა. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის პირობად მხოლოდ საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული საბანკო გარანტიების წარდგენის მოთხოვნა სააგენტომ კონკურენციის შემზღუდველად მიიჩნია. სააგენტოს პოზიციით, ამ მოთხოვნის დაწესებით, შემსყიდველი ორგანიზაციები საბანკო დაწესებულებებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებენ სადაზღვევო კომპანიებთან შედარებით. მოკვლევის ფარგლებში განხილულ ტენდერებთან მიმართებით, დადასტურდა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ხაშურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი. სააგენტოს გადაწყვეტილების მიხედვით, შემსყიდველ ორგანიზაციებს, საქართველოს მთავრობასა და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები წარედგინათ. მოკვლევა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის 5 სექტემბრის N04/248 ბრძანებით დასრულდა, რომლის საფუძველზეც, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა დამტკიცებული.