საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ბაზარზე მიმდინარე მოკვლევის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის პროგრამის“ შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის საფუძველზე, 2016 წლის 23 აგვისტოს N139 ბრძანებით, კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ბაზრის მოკვლევა, შპს „ვი ქომის“ (შპს „ბ&ბ“), შპს „ნიშის“, შპს „თაიმსერვისის“ და შპს „მაიჯიპიესის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოკვლევის პერიოდში, სააგენტომ გამოითხოვა ყველა საჭირო ინფორმაცია, როგორც ეკონომიკური აგენტებისგან, ასევე სახელმწიფო უწყებებისგან. განხორციელდა ახსნა-განმარტებების მიღება მოკვლევის უშუალო მხარეებისგან. გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები ბაზარზე მომსახურების პოტენციურად მომწოდებელ ეკონომიკურ აგენტებთან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან. საბოლოოდ, მოკვლევის მიმდინარეობის პროცესში მიღებული მოცულობითი ინფორმაციის დამუშავება/ანალიზის შედეგად, სააგენტომ 2017 წლის 23 ივნისის N04/167 ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილების შესაბამისად დაადგინა, რომ არ იკვეთება მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტი. ასევე დაადგინდა, რომ შპს „მაიჯიპიესს“ შეეზღუდა ტენდერში მონაწილოების შესაძლებლობა, რაც წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევას. შესაბამისად, საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ბაზარზე, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარედგინა განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია.

28.06.2017
უკან დაბრუნება