საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22

ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საერთაშორისო გამოცემაში ნოდარ ხადურის შესახებ სტატია გამოქვეყნდა

ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საერთაშორისო გამოცემაში ნოდარ ხადურის შესახებ სტატია გამოქვეყნდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საერთაშორისო გამოცემაში „გლობალური კონკურენციის მიმოხილვა“ ნოდარ ხადურის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. სტატიაში საუბარია საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ბიოგრაფიის, საქმიანობის, მიღწევების და ღვაწლის შესახებ. „კონკურენციის სფეროში მოღვაწე საზოგადოება საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის გარდაცვალებას გლოვობს. ნოდარ ხადური, 10 სექტემბერს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. სააგენტოს განცხადებით, იგი იყო საქვეყნოდ ცნობილი ეკონომისტი, პრინციპული და სამართლიანი ხელმძღვანელი, ინტელექტუალი, ერთგული და უშუალო პიროვნება, რომლის იმედი და გვერდში დგომაც ყოველთვის იგრძნობოდა მასთან ურთიერთობისას. ნოდარ ხადური საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2016 წელს, დაფუძნებიდან 2 წლის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. სააგენტოს განცხადებით, ნოდარ ხადურმა სააგენტოს დღის წესრიგში უმნიშვნელოვანესი საკითხები დააყენა და დაიწყო აღნიშნული უწყების, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე გაძლიერების პროცესი. სააგენტოს თავმჯდომარე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შემუშავების პროცესს, რაც მისი პოზიციით, სააგენტოს ეფექტიანობის გაზრდას გამოიწვევდა. კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ ევროკავშირის ექსპერტები და ხსენებული ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტში ივნისში დარეგისტრირდა. ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობის პერიოდში გაძლიერდა თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებებთან, რის მთავარ მიზანსაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენდა. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნოდარ ხადურს ბევრი გეგმა და იდეა დარჩა განუხორციელებელი, რაც დიდი დანაკლისი იქნება, როგორც კონკურენციის სააგენტოს, ისე სრულიად საქართველოსთვის. „განუზომელი მწუხარებით, გულწრფელად თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და ყველას, ვინც ამ არაჩვეულებრივ ადამიანს იცნობდა.“ პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრისა და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ნოდარ ხადური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2006 წელს შეუერთდა. იგი არის მაკროეკონომიკის, კონკურენციის პოლიტიკისა და საქართველოს ეკონომიკის შესახებ 100-ზე მეტი ნაშრომის ავტორი. ნოდარ ხადურს სხვადასხვა თანამდებობები ეჭირა საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებში, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში. იგი სხვადასხვა დროს იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე და ფინანსთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი. ნოდარ ხადური 2004 წელს გახდა გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის ეროვნული კონსულტანტი. 2012 წელს ნოდარ ხადურმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ჩაიბარა, რომელიც 4 წლის მანძილზე ეკავა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის რანგში იგი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის, აზიის განვითარების ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ალტერნატიული მმართველი. სოფი ბოკუჩავა, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი, რომელიც ნოდარ ხადურს მინისტრობის დროს შეხვდა, იხსენებს, რომ ვინც მას იცნობდა, ყველა აღნიშნავს, თუ როგორ უყვარდა მას საქართველო და როგორ სურდა თავისი წვლილი შეეტანა ქვეყნის განვითარებაში. „იგი იყო მხიარული და უშუალო ადამიანი“, ამბობს ბოკუჩავა - „იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, უსმენდა ყველას, ვისაც მასთან საუბარი სურდა.“ ერთ-ერთ ინტერვიუში ნოდარ ხადური აღნიშნავდა, რომ 5 წლის შემდეგ საქართველოს კონკურენციის სააგენტო წარმოუდგენია, როგორც „დამოუკიდებელი, ძლიერი, გამოცდილი და სამართლიანი კონკურენტული გარემოს სადარაჯოზე მდგომი უწყება“. „იმედი მაქვს, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტო ბაზრისა და მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდის და საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იქნება“ - ამონარიდი ნოდარ ხადურის ინტერვიუდან“.

16.09.2019
უკან დაბრუნება