საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაწყებული საქმის მოკვლევა დაასრულა, რომელსაც საფუძვლად ედო შპს ,,რეშენალ სოლუშენსის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილი, დახარვეზებული საჩივრიდან მიღებული ინფორმაცია. აღნიშნული საჩივარი ეხებოდა ლოიალობაზე დაფუძნებული სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდების ბაზარზე, შპს ,,თინეთისა“ და სს ,,მასტერქარდ იუროფის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი, თუმცა შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით სააგენტომ გასცა განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები ამავე ბაზრის ორივე დონეზე მოქმედი ყველა ეკონომიკური აგენტისათვის.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა დაადგინა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ჯამურად მილიონ ექსვსასი ათას ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრა, როგორც მომჩივან (შპს „ელ.ბილეთები)“, ასევე მოპასუხე მხარეებს (შპს „თინეთი“ და და ერთიანი ეკონომიკური სუბიექტი „სადისტრიბუციო კომპანია“). მოკვლევის ფარგლებში, სს „თიბისი ბანკისა“ და TBC Bank Group PLC-ს მიმართ კანონის მე-7 მუხლის დარღვევა არ დადგინდა. აგრეთვე, კანონის მე-6 მუხლის დარღვევა არ დადგინდა შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მიმართ. გარდა ამისა, კულტურული, გასართობი, შემოქმედებითი, სპორტული, დასვენებისა და ტურიზმის, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო თუ სხვა ტიპის ღონისძიებების/პროდუქციის/მომსახურების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზრის გაჯანსაღების მიზნით გაიცა სამი რეკომენდაცია შესაბამისი სუბიექტების მიმართ.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 4 კომპანიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევა დაადგინა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას. სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს დაეკისრათ ჯარიმა, საერთო ჯამში 53 მილიონ ლარამდე.
მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროვებული ინფორმაცია წარმოადგენდა.
2023 წლის 17 აგვისტოს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხებოდა - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს მიერ გაიცა შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტს ეხებოდა. მოკვლევის შედეგად დადასტურდა ორი მოპასუხე ეკონომიკური აგენტის და ერთ-ერთი მთარგმნელ-თარჯიმნის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტი. ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია და დაევალათ კანონდარღვევის აღმოფხვრა.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ჯ და აუდიტ სერვის ჯგუფის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული მოკვლევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა. მოკვლევის ფარგლებში დადასტურდა - მოპასუხე ეკონომიკური აგენტების, შპს „Aladashvili&co-ს“, შპს „ნილის“, შპს „თარი 08-ს“ და შპს „ელფის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, სააგენტოს პოზიციით - ადგილი ჰქონდა, უფასო სასადილოებით მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებულ კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში ბაზრის გადანაწილებას. ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია.
შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი - შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტოსის“ და სს „ფრანს ავტოს“ შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობის თაობაზე. მომჩივანის პოზიციით, დარღვევა გამოიხატებოდა კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებში ურთიერთშეთანხმებული პირობებით მონაწილეობაში. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა დასახელებულ კომპანიებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობის ფაქტი.
საქართველოს სასამართლოების დავალების შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ დაიწყო საქართველოს ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზრის ხელახალი მოკვლევა. მოკვლევის შედეგად, ქვეყანაში მოქმედ 5 ყველაზე მსხვილ ნავთობკომპანიას დაუდგინდა დარღვევა, რაც გამოიხატებოდა ბაზრის გადანაწილებაში. ასევე, ხელახლა დადგინდა ცალკეული კომპანიის მიერ გაფორმებული ქველიცენზიისა და პარტნიორობის ხელშეკრულებაში ფასების ფიქსაციის ფაქტი. კომპანიებს ჯამში დაეკისრათ 3 მილიონ ლარამდე ჯარიმა, რომელიც გადახდილ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი ინციატივით დაიწყო მოკვლევა - საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ტენდერში მონაწილე კომპანიებს (შპს „ვი-ქომი“, შპს „ნიში“, შპს „თაიმსერვისი“ და შპს „მაიჯიპიესი“) შორის შეთანხმებული პირობების არსებობის სავარაუდო ფაქტზე. მოკვლევის შედეგად, არ დადგინდა ამ კომპანიების მიერ ტენდერში შეთანხმებული პირობებით მონაწილეობის ფაქტი.
კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოკვლევა საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „გლობალაგროს“ წევრების საბაზრო ქცევის შესაფასებლად. მოკვლევის საგანს წარმოადგენდა - ჰქონდა თუ არა ადგილი ასოციაციის წევრებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებას. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა „გლობალაგროს“ წევრების მხრიდან კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობის ფაქტი.